მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტების სასტუმროები კომუნალურების გადავადებას ითხოვენ - Amber Group

5fc612129982b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.20 14:02
969
„ზამთრის კურორტების სასტუმროების პრობლემებზე ერთობლივად ვიმუშავებთ“, - ეს დაპირება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინდელ შეხვედრაზე მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს მისცა. ნათია თურნავას უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სექტორთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.

რა პრობლემები აქვთ მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს და რა კითხვები ჰქონდათ მათ მინისტრთან - ამ კითხვებით BM.GE-მ Georgian Capital-ის შვილობილი კომპანია Amber Group-ის დირექტორ ეკატერინე დუჩიძეს მიმართა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

მისი ინფორმაციით, Amber Group-ის მმართველობის ქვეშ მყოფი სასტუმრო Gudauri Lodge შეზღუდვების გამო იხურება, თუმცა დახურული შენობის მოვლა-პატრონობა მათთვის გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, შესაბამისად, ეს პრობლემაა.

„ერთ-ერთი საკითხი, რაც კერძო სექტორმა მინისტრთან შეხვედრისას წამოჭრა კომუნალურების გადავადება იყო. შესაძლოა, სასტუმრო არ ოპერირებდეს, მაგრამ რადგან მაღალმთიანი კურორტია, გაზი მუდმივად ჩართული უნდა იყოს, რათა შენობა არ გაიყინოს და არ დაზიანდეს. ჩვენთვის - გაჩერებული სასტუმროებისთვის შენობების მოცულობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ დიდი ხარჯია. Gudauri Lodge-ის შემთხვევაში, ერთი თვის გაზის გადასახადი 12 000 ლარამდე იქნება, რადგან ეს არის 121 ოთახიანი სასტუმრო, 4 სართული მიწის ქვეშაა, ხოლო 5 - ზევით. ამასთან, გვყავს დასაქმებულები, რომლებმაც  დახურულ სასტუმროს უნდა მოუარონ.

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებასა და თანადაფინანსებაზე არ არის საუბარი. ვთხოვეთ, რომ შუამდგომლობა გაგვიწიონ „სოკართან“, რათა კომუნალური გადასახადები მანამდე გადაგვივადო, სანამ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. მინისტრი ენერგოკომპანიებთან შუამდგომლობას შეგვპირდა და წლის ბოლომდე ალბათ პასუხსაც დაგვიბრუნებენ“, - განაცხადა Amber Group-ის დირექტორმა.

ეკატერინე დუჩიძე შეხვედრაზე დასმულ სხვა საკითხებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მთის კურორტებსა და სხვა რეგიონებში არსებული სასტუმროების ოპერირების განსხვავებაზეც ჰკითხეს.

„იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ბორჯომში თუ მუშაობს სასტუმროები, რატომ არ შეიძლება, რომ ბაკურიანსა და გუდაურშიც ოპერირებდნენ. მინისტრმა გვიპასუხა, რომ იტალიაში კორონავირუსი პირველად სწორედ სათხილამურო კორორტზე გავრცელდა. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მთის კურორტებზე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომანდაციის საფუძველზე მიიღეს, რადგან 17:00 საათზე საბაგიროების დახურვის შემდეგ ხალხის კონცენტრაცია რესტორნებში ხდება, რაც ეპიდემიის გავრცელებას მეტ საფრთხეს უქმნის.

ძალიან მიხარია, რომ სხვა რეგიონებში სასტუმროები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა ისიც ვიკითხეთ - რა მოხდება თუკისამთო კურორტების ნაცვლად სტუმრების ნაკადი სხვა რეგიონში, თუნდაც კახეთში გადაინაცვლეს, რაზეც გვიპასუხეს, რომ რომელიმე სხვა ლოკაციაზე მობილობის ზრდის და ვირუსის გავრცელების საფრთხის გაზრდის შემთხვევაში აუცილებლად იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები“, - უთხრა BM.GE-ის ეკატერინე დუჩიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები