მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება - IDFI

64c25a05a5d95
BM.GE
27.07.23 20:00
362
IDFI-ის შეფასებით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.

როგორც ანგარიშში წერია, შედეგად, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და შპს-ეების ბიუროკრატიული აპარატი ყოველწლიურად იზრდება, რაც ასევე ბიუროკრატიის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ზრდას უწყობს ხელს.

„მუნიციპალიტეტების იურიდიული პირების ბიუროკრატიული აპარატის შესწავლით გამოვლენილი გარემოებები ასევე აჩენს ეჭვებს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების მცდელობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ცალკეული მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმების მაჩვენებლები მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 10%-ს აჭარბებს. ასევე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიის ყოველწლიური ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია იურიდიული პირების რაოდენობის შემცირების ფონზე.

IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მუნიციპალიტეტის მიმართებით გადაიხედოს მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არსებული საკადრო და სახელფასო პოლიტიკა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მოქნილი და ოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის ფორმირების პროცესის დასაწყებად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

IDFI-ს ძირითადი მიგნებებია:

- მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან სუბსიდიის მუხლით გაწეული ხარჯები ყოველწლიურად, საშუალოდ 26%-ით იზრდება. შედეგად, 2022 წელს 64 მუნიციპალიტეტის სუბსიდიის ჯამურმა ხარჯმა მილიარდ ლარს გადააჭარბა (1,049,202,528 ლარი);

- 2022 წელს თბილისის ბიუჯეტიდან სუბსიდიის ხარჯმა შეადგინა 569.1 მილიონი ლარი, რაც 89 მილიონი ლარით აღემატება ყველა სხვა მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდიის მუხლით ერთად გაწეულ ხარჯს;

- 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისის სსიპ-ების მიღებული დაფინანსება 50 მილიონი ლარით, ხოლო ა(ა)პი-ების დაფინანსება 30 მილიონი ლარით გაიზარდა. სსიპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 20%-ით (+2,3 მილიონი ლარი), ხოლო ა(ა)იპ-ების 23%-ით (+8.1 მილიონი) გაიზარდა;

- 2022 წელს თბილისის ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 4,894 თანამშრომელი (შტატგარეშეების ჩათვლით), რომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 55.1 მილიონი ლარი. 2016 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის ა(ა)იპ-ების რიცხვი 79-დან 71-მდე შემცირდა, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი 3,684-დან 4,894-მდე გაიზარდა;

- 2022 წელს თბილისის ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო შრომის ანაზღაურება იყო (3,395 ლარი) ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქში“, სადაც დასაქმებული 11 თანამშრომელიდან 9 მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ასევე, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდში (2,990), სადაც ფონდის დირექტორს, ჰყავს 5 მოადგილე და 4 მრჩეველი;

- თბილისის ა(ა)იპ-ებში სახელფასო სისტემა არაერთგვაროვანია. მაგალითად, ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს 58 თანამშრომელზე, დაახლოებით იგივე ოდენობის ანაზღაურება გაიცა რაც თბილისის ზოოლოგიური პარკის 143 თანამშრომელზე; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 365 თანამშრომელზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი შრომის ანაზღაურება გაიცა, ვიდრე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 353 თანამშრომელზე.

- ბოლო ხუთ წელში, ბათუმის ა(ა)იპ-ების რაოდენობა 16-დან 13-მდე შემცირდა, თუმცა მათი დაფინანსება დაახლოებით 6-ჯერ, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 9%-ით, ხოლო მათი შრომის ანაზღაურების ხარჯები 89%-ით გაიზარდა;

- 2019 წლიდან 2022 წლამდე რუსთავის ა(ა)იპ-ების დაფინასება ბიუჯეტიდან დაახლოებით ორჯერ (22.6 მილიონიდან 40.6 მილიონამდე) გაიზარდა, ხოლო შპს-ეების დაფინანსება დაახლოებით სამჯერ (1.8 მილიონიდან 6.2 მილიონამდე) გაიზარდა. შედეგად, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ხარჯი 11.1 მილიონიდან 18.6 მილიონამდე, ხოლო შპს-ეების 667.5 ათასიდან 3.6 მილიონამდე გაიზარდა;

- 2022 წელს, 38 მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო 447 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მათ შორის, ყველაზე მეტი (71 ა(ა)იპ) იყო თბილისის, ხოლო ყველაზე ცოტა (4 ა(ა)იპ) ხობის მუნიციპალიტეტში.

- 2022 წელს 5 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში დაფუძნებულია 7 ახალი ა(ა)იპ, სადაც დასაქმდა 401 თანამშრომელი და შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 2.9 მილიონი ლარი. მათ შორის, ყვარლის მუნიციპალიტეტის 2 ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმებულია 281 თანამშრომელი;

- 34 მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული იყო 33,549 თანამშრომელი. წინა წელთან შედარებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა;

- ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ააიპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 10%-ს აჭარბებს. მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია მოსახლეობის 15%, ცაგერი 13%, ყაზბეგი 10%;

- 2022 წელს, 31 მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებზე (შტატგარეშეების ჩათვლით) გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა შეადგინა 221.5 მილიონი ლარი. წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯი გაიზარდა 28%-ით;

- 2022 წელს, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ზრდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 6%-დან 89%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე დიდი ზრდა იყო ყვარლის (+89%), დმანისის (+47%) და ჩხოროწყუს (+45%) მუნიციპალიტეტებში;

- 2022 წელს (13 მუნიციპალიტეტის მაგალითზე) შპს-ეებში დასაქმებულთა რიცხვი 6%-ით, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯები 16%-ით გაიზარდა;

- 64 მუნიციპალიტეტიდან ა(ი)იპ-ების შესახებ საჯარო ინფორმაცია გასცა, მხოლოდ 38 მუნიციპალიტეტმა, ხოლო შპს-ეების შესახებ მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები