მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშახელს ვერ ვშოულობთ... მექანიზაციაზე თუ არ გადავალთ, პლანტაციები გაველურდება - მეჩაიე

ჩაის კრეფა

მიმდინარე წლის მაისში,  მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც როგორც მეჩაიეთა  ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე ამბობს ფერმერებს არ უსარგებლიათ. ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემა “რედაქტ2”-ში განმარტა, რომ პროგრამით ფერმერებმა იქამდე არ ისარგებლეს, ვიდრე ცვლილებები არ შევიდა. თანადაფინანსების პირობების ცვლილება კი მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. ინფორმაციისთვის: ფერმერებს პროგრამის ფარგლებში საკრეფი დანადგარის ღირებულების 50% უფინანსდებოდათ, არაუმეტეს 500 ლარისა. ცვლილების შემდგომ კი  თანადაფინანსება 500-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. Ამასთან, დაფინანსება განხორციელდება ერთ ჩაის საკრეფ და სასხლავ აპარატზე, თუმცა განსხვავებული პირობებით. 

რატომ ვერ ისარგებლეს ფერმერებმა პროგრამით და როგორია მათი მოლოდინები მას შემდეგ, რაც თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა? - თემასთან დაკავშირებით bm.ge-სთან მთის ჩაის ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა. 

როგორც ვახტანგ მერკვილიშვილი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ ამჯერად თანადაფინანსება 1000 ლარით განისაზღვრა - ეს საკმარისი მაინც არ არის და თავად პროგრამაში ჩართვა არ უღირს. 

 “თავდაპირველად, როცა დაფინანსება 500 ლარის მოცულობის იყო, პროგრამაში არ ჩავერთე. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო აუდიტის დასკვნა, რომელიც დამატებით 200 ლარი ჯდება. შესაბამისად,  ეს თანხა, 20 ჰექტარზე არანაირ შეღავათს არ იძლეოდა.  ძალიან მცირეა ერთ ბენეფიციარზე ეს დახმარება. 

რაც შეეხება ცვლილებას, ვფიქრობ, არც 1000 ლარია საკმარისი, რადგან აღნიშნული ტექნიკა 2500 დოლარი ჯდება, რასაც დოკუმენტაციისთვის საჭირო თანხაც ემატება. შესაბამისად, პროგრამაში ვერ ჩავერთვები, არ არის მიმზიდველი თანხა”, - განმარტავს ის. 

მთის ჩაის ასოციაციის თავმჯდომარე წარმოებაში ტექნიკის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, კადრების დეფიციტის ფონზე, ტექნიკის გამოყენება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

“ტექნიკა წარმოებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი  მიზანია მექანიზაციაზე გადავიდეთ, რადგან ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებსაც დავასაქმებთ. თუ ეს არ მოხდა  პლანტაციები გაველურდება” - აღნიშნავს ვახტანგ მერკვილიშვილი. 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები