მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარდაჭერამ გვაჩვენა, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მარტო არ ვართ - "სულაკაურის გამომცემლობა"

64a2c82bd878d
BM.GE
03.07.23 17:07
442
მკითხველის მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ „სულაკაურის გამომცემლობის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს ჩვენი გამომცემლობის მიმართ ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ვიგრძენით.

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ამაღელვებელი და ემოციური შეტყობინებებისთვის, განცხადებებისა თუ კომენტარებისთვის, რომლებიც გვაძლიერებდა და სიმტკიცეს გვმატებდა ამ რთული დღეების განმავლობაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია“, - ნათქვამია სულაკაურის გამომცემლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკვე არაერთი კვირაა სულაკაურის გამომცემლობის ირგვლივ ხმაურია. გამომცემლობას რამდენიმე ხნის წინ გამოცემული წიგნების გამო აკრიტიკებენ და ლგბტქ-პროპაგანდაში ადანაშაულებენ.

სულაკაურის გამომცემლობა პრემიერმაც ახსენა პარლამენტში, გასულ კვირას სიტყვით გამოსვლისას და თქვა: „მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები