ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარზე შიდა ფრენები ახალმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა დაიწყო. ის საჰაერო სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა. შედეგად, ბაზარზე "აკ-აერთან" ერთად, მეორე ავიაკომპანია გამოჩნდა, რომელიც შიდა რეისებს ასრულებს.
Georgian Wings-ი 70-ადგილიანი საჰაერო ხომალდით 31 ივლისიდან ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კვირაში 12 სიხშირით ასრულებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფრენების შეუფერხებლად და გამოცხადებული განრიგის უზრუნველყოფის მიზნით, Georgian Wings-მა საქართველოში ჩამოიყვანა ფრანგულ-იტალიური წარმოების მეორე ხომალდიც.
“ფრენები ხორციელდება ხშირ შემთხვევაში სრული დატვირთვით. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ შესრულებული ფრენები სრულად აკმაყოფილებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით არსებულ მოთხოვნას. Georgian Wings აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი რეისების დაგეგმვისა და შესრულების კუთხით. ჩვენი მგზავრების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან”,- აცხადებენ კომპანიაში.
ამას გარდა, Georgian Wings-ში ამბობენ, რომ მზად არიან შიდა ფრენებთან დაკავშირებული ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. შიდა ფრენებზე ხელშეკრულება "აკ-ეარს" ორჯერ გაუგრძელდა და ჯერ უცნობია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება როდის გამოაცხადებს ახალ ტენდერს.