მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზადაა თუ არა თბილისი Food Hall-ების განვითარებისთვის - მიმოხილვა

5fda23f134b76
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.20 23:00
842
FOOD HALL-ი კონცეპტუალური, საერთო საკვები სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილობრივი შეფ-მზარეულების მიერ, ეკოლოგიურად სუფთა, ცოცხალი ინგრედიენტებისგან მომზადებული საკვები დააგემოვნოს - ასეა განმარტებული უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში გასულ ათწლეულში მსოფლიოში ფეხმოკიდებული და პოპულარული Food Hall-ის კონცეფცია.

მიმოხილვის "Food Halls მსოფლიოს კვალდაკვალ" მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში Food Hall-ები ძირითადად ინდუსტრიულ, ისტორიულ ან კულტურული მნიშვნელობის შენობებში და ასევე ხშირად ქალაქის ტურისტული ცენტრისგან მოშორებით გვხდება. Food hall-ის სამიზნე კლიენტურა კი საკმაოდ მრავალფეროვანია. ის მოიცავს, როგორც თინეიჯერებს, ასევე ზრდასრულებს.

მიმოხილვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში Food Hall-ის კონცეფციის განვითარების ყველა საჭირო ფაქტორია, აქ ასეთი სივრცეები ჯერ კიდევ არ არსებობს. 

Cushman & Wakefield Georgia-ის მიმოხილვაში საქართველოში ამ ტიპის სივრცეების განვითარების პერსპექტივების განხილვისას, Food Halls-თან ერთად მეორე განსაზღვრებაცაა მოცემული, ესაა Food Clusters, რომელიც გეოგრაფიული არეალის მიხედვით დაჯგუფებულ საკვებ სივრცეებს მოიცავს. აღნიშნულ ტერმინში არ მოიაზრება საერთო საკვები სივრცე და ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა; საიჯარო ხელშეკრულებებიც ინდივიდუალურ მეიჯარეებთან ინდივიდუალურად ფორმდება.

"თბილისში 5 ძირითადი კვების კლასტერია: ყველაზე ძველი, შარდენისა და ერეკლე მეორეს ქუჩის კლასტერია, რომლებიც 2010-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. აქ 25-ზე მეტი რესტორანი და სუვენირების მაღაზიაა განთავსებული.

მეორე კვების კლასტერი ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზეა. აღნიშნულ სივრცეში სხვადასხვა რესტორნები 2013 წლიდან ოპერირებს.

მესამე და მეოთხე კლასტერი “ღვინის ქარხანა” და ჭოველიძის ქუჩის კაფე-რესტორნები კლასტერებია, რომლებიც 2017 და 2018 წლებიდან ფუნქციონირებენ.

ბოლო კლასტერი და სივრცე, რომელიც ყველაზე ახლოსაა Food Hall-ის კონცეფციასთან "ფაბრიკაა". იგი მდებარეობას ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, არატურისტულ ადგილას. განთავსებულია 18 ობიექტი, რომელთაგან მხოლოდ 6-ია კვების; დანარჩენები სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ერთეულებია. შიდა ეზოში განთავსებულია საერთო სივრცე, რომელიც სარესტორნო მომსახურების გარდა, სხვადასხვა ღონისძიებებისთვისაც გამოიყენება. ეს მრავალფუნქციური პროექტი მოიცავს ჰოსტელს, საერთო სამუშაო და სავაჭრო სივრცეებს და იმართება ერთი, ცენტრალიზებული გუნდის მიერ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Food Hall-ის მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კლასტერებიდან ყველაზე დიდი ჭოველიძის ქუჩის კლასტერია, ხოლო ყველაზე პატარა "ფაბრიკის".

„კვების კლასტერი მომხმარებელთა უწყვეტი ნაკადის გენერირებას უზრუნველყოფს, რაც თავისთავად შემოსავალის ზრდაზე აისახება. დიდწილად ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყველა კლასტერს საკუთარი სამიზნე კლიენტურა ჰყავს. ძველი თბილისის კლასტერის ძირითადი სამიზნე ჯგუფი ტურისტები არიან. "ფაბრიკას" უმეტესად 20-30 წლის ახალგაზრდები სტუმრობენ. მოსაშვილზე ხშირად ერთმანეთს ბიზნესის წარმომადგენლები ხვდებიან. ღვინის ქარხნისა და ჭოველიძის კლასტერის სამიზნე ჯგუფი კი გაცილებით მრავალფეროვანია.

მდებარეობა, ფასები, მენიუ და გარემო - ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამიზნე ჯგუფების ტიპოლოგიის განსაზღვრაში. ბაზარზე ეფექტური პოზიციონირებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირებას და მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებას“, - აღნიშნავენ Cushman & Wakefield Georgia-ში.

მათივე შეფასებით, Food Hall თანდათანობით ევროპაში კვების სექტორის მთავარი საყრდენი ხდება, ხოლო თბილისს კი ყველანაირი პირობა აქვს რომ საერთო ტრენდს აუწყოს ფეხი.

„თბილისი იდეალური ადგილია Food Hall-ის შესაქმნელად. ეს არის foodie ქალაქი, კაფე-რესტორნებში სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაზე მზარდი მოთხოვნით.

ჩვენს დედაქალაქში ბევრი საინტერესო, ძველი, ისტორიული შენობა მოიძებნება, სადაც ამ ბიზნესმოდელის განვითარება იქნება შესაძლებელი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება და ქართველების კულინარიული ნიჭი Food Hall-ის კონცეპტუალურ ნაწილთან ზუსტ თანხვედრაშია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ Food Hall-ებს მსოფლიოს საუკეთესო Food Hall-ების სიაში მოხვედრის დიდი პოტენციალი აქვთ“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, როგორც Cushman & Wakefield Georgia-ში მიიჩნევენ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პანდემიის პირობებშიც კი მსოფლიო მასშტაბით, ტრადიციული ტიპის რესტორნებისგან განსხვავებით, Food Hall შემცირებულ, თუმცა სტაბილურ შემოსავალს აგენერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები