მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაკლებ დონორს გაუჩნდება საქართველოში პროექტების დაფინანსების სურვილი - ლალაზაშვილი "აგენტების კანონზე"

6401e7ff1ce8d
გიგა ბენია
03.03.23 16:29
1297
"რატომ არის ეს კანონპროექტი რუსული? ვინაიდან იგივე მიზანს ემსახურება რასაც რუსეთში - 1. საქართველოს რეალური მეგობარი დასავლეთი გამოიყვანოს ქვეყნის მტრად და 2. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეიზღუდოს", - ამის შესახებ BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი "ფეისბუქზე" წერს. როგორც ის აცხადებს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ამის გამო გაცილებით ნაკლებ დასავლურ დონორს გაუჩნდება სურვილი, რომ საქართველოში სხვადასხვა პროექტები დააფინანსოს.

"რატომ არის დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული - დღეს საქართველოში დაფინანსება გამჭვირვალე გზით მხოლოდ მათგან შემოდის. ხოლო საქართვლოს მტრებისგან დაფინანსება დიდი ალბათობით გაუმჭვირვალე გზებით შემოდის და ეს კანონი (თუ მოხდა მისი მიღება) ვერ გავრცელდება ასეთ დაფინანსებაზე.

დასავლური დახმარება ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან ეხება ყველა სფეროს - ჯანდაცვა, განათლება, კულუტრული მემკვიდრეობა, მოწყვლადი ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა/გაძლიერება, ეკოლოგია და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ დახმარებაზე, რომელიც მიმართულია უშუალოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და არავინ იცის ასეთი დახმარების გარეშე, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა და საზოგადოება.

რატომ შეიძლება შეიზღუდოს არასამთავროების მუშაობა - კანონპროექტის მხოლოდ განხილვითაც კი (არათუ მიღებით) ეჭვქვეშ ვაყენებთ ამ დაფინანსებების მიზნობრიობას, დამფინანსებლების განზრახვებს და ა.შ. რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს დაფინანსების შემცირებას, ვინაიდან გაცილებით ნაკლებ დონორს გაუჩნდება სურვილი ასეთი გარემოში დააფინანსოს სხვადასხვა პროექტები საქართველოში. და სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა არაერთი გადაწყვეტილების შემთხვევაში შედეგებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება, არც არავინ საუბრობს იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ქვეყანაზე და ასეთი დაფინანსების ბენეფიციარებზე.

არასამთავროებო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვა ეს არ არის მხოლოდ ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების შემოსავლის შემცირება თუ გაქრობა, არამედ პირდაპირ ურტყამს იმ პროექტებსა თუ ბენეფიციარებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სწორედ ასეთ ორგანიზაციებზე.

განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის საფუძველია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბება დიდწილად სწორედ დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ხარჯზე ხდება და ჩვენს ისედაც სუსტ სამოქალაქო საზოგადოებას დაფინანსების შეზღუდვა კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს რეალურ დემოკრატიად გარდაქმნას შეაფერხებს.

ეს მგონია ძირითად მიზეზებად რატომაც ევროკავშირი, აშშ და ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო გამოთქვამს პროტესტს ამ კანონპროექტზე.

მაგრამ უმთავრესი აქ მაინც არის იმის რისკი, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რითაც როგორც ჩრდილს ვაყენებთ იმ ღვაწლს რომელსაც ქართული სახელმწიფოს შექმნის დღიდან იღებდნენ ჩვენი ერის ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეული მეფეები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე მომავალ თაობას ვუკლავთ შანსს იცხოვრონ დასავლური ტიპის განვითარებულ სახელმწიფოში.

ამიტომ ამ კანონპროექტის სათაური და ტერმინები კი არ არის პრობლემა, არამედ მიზანი და მისი მხოლოდ განხილვაც კი მიუხედავად იმისა, დამტკიცდება თუ არა იგი და რა დასკვნას დადებს მასზე ვენეციის კომისია, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს და სხვაგვარად ამის შეფასება წარმოუდგენელია", - წერს ლალაზაშვილი.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. განხილვას ხმაური მოყვა პარლამენტში. ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, იყო სტვენა და შეძახილები, თუმცა "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებმა კანონპროექტები პირველი მოსმენით მაინც მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები