მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანჰესის ახალი დირექტორი - დაველაპარაკებით ყველა მხარეს... ვაღიარებ, იყო კომუნიკაციის ნაკლებობა

6068338c81b8e
BM.GE
03.04.21 13:15
1371
ნამახვანჰესის პროექტის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე დღეს რიონის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც კომპანია ENKA-ს მიერ ჰესის მშენებლობისათვის წინამოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სანამ ლომინაძე ხეობაში გაემგზავრებოდა, მან მედიასთან განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს პროექტით დაინტერესებულ მხარეებს და რომ ის ემოციების და სპეკულაციების გარეშე ნებისმიერ ფორმატში დიალოგის მომხრეა.

ლომინაძემ მედიასთან პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია მზადაა მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად მანამ არ დაიწყოს ადგილზე ძირითადი ინფრასტრუქტურის, კაშხლის მშენებლობის სამუშაოები, სანამ მათ ხელთ არსებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება.

„ჩვენ, კომპანიამ მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივებს, რომელიც გამოთქმულია სამინისტროების მხრიდან, რომ შეიქმნას გარე ექსპერთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა მასალას, დასკვნას, რომელიც ხელთ გვაქვს. მზაობას გამოვთქვამთ, რომ ასევე გავაფართოვოთ სოციალური პაკეტი. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ხეობის მოსახლემ იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოიტანს.

პროექტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ამ რეგიონისთვის. მზად ვართ დავსხდეთ და ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს გინდ ამ ხეობის მოსახლეობას, გინ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებ დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები, ყოველგვარი ემოციის და სპეკულაციის გარეშე“-განაცხადა ლომინაძემ.

პროექტის ახალი დირექტორი რიონის ხეობის მოსახლეობასაც შეხვდა, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ისინი კვლევების გადამოწმებამდე ENKA-ს მხრიდან ხეობაში წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმოებასაც არ თანხმდებიან და ითხოვენ ინვესტორმა კომპანიამ ხეობა მალე დატოვოს.

მოძრაობა“ რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თუ ჰესის მშენებლობის გარშემო პროცესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მინისტრები ვერ იღებენ, ხეობაში პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩავიდეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები