სარკის მწარმოებელი კომპანია „ნამი“ 250 000 ლარის ინვესტიციით წარმოებას აფართოებს. სარკის, მინის ავეჯის, ბრონირებული ბარიერების და სალაროებისთვის საჭირო ხონჩების მწარმოებელი კომპანია 2005 წლიდან ამოქმედდა, ხოლო საწარმო თბილისში გურამიშვილის გამზირზე 2009 წლიდან გაიხსნა.
დღეისთვის 2 000 კვ.მ.-ზე განთავსებული საწარმო სხვადასხვა დიზაინის სარკეებს ბელგიიდან შემოტანილი მზა სარკისგან ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. საწარმო 25 სამუშაო ადგილს ქმნის, თუმცა გაფართოების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასაც გეგმავს. BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქომეთიანი ამბობს, რომ გაფართოების შედეგად საწარმოო მოცულობები დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდება. საწარმოო სიმძლავრეების გაზრდით კი კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქტის ასორტიმენტიც გაიზრდება და შედეგად სარკეები განათებით და რკინის კონსტრუქციების წარმოება დაემატება.
„სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით გაფართოებისთვის საჭირო იტალიური დანადგარებით საწარმოო ხაზი უკვე გავმართეთ და დღეისთვის კვალიფიციური მუშახელის ძიების პროცესში ვართ. საქართველოში კადრების მოძიება ძალიან ჭირს. ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში მაღალი უმუშევრობაა, თუმცა 2 თვეა გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და მსურველები ვერ ვიპოვეთ. ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენი კომპანია არ არის, ეს საერთო პრობლემაა. სამუშაო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 5-ით გვინდა გავზარდოთ. მსურველებს კი ანაზღაურებად 2-თვიან გამოსაცდელ პერიოდს ვთავაზობთ, სადაც ადგილზე გადავამზადებთ და შემდეგ ჩვენთან დასაქმდებიან“, - განაცხადა გიორგი ქომეთიანმა.
კომპანია „ნამის“ წლიური ბრუნვა დღეს 800 000 ლარია. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აღნიშნავს, სფეროში კონკურენცია დიდია, თუმცა ბელგიური მაღალი ხარისხის სარკის იმპორტიორი, მწარმოებელი და რეალიზატორი კომპანია ბაზარზე პოზიციონირებას გამართული საწარმოო ჯაჭვით და მაღალ ხარისხთან ერთად ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს.
„ბაზარზე დიდი რაოდენობით ჩინური პროდუქტია და ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ ნაწარმთან გვიწევს კონკურენციაში ყოფნა. ვფიქრობთ, ადგილობრივ ბაზარზე სარკის წარმოების და რეალიზაციის მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი რესურსი არსებობს, ამიტომ გვინდა ხარისხის შენარჩუნებით გავზარდოთ და გავამრავალფეროვნოთ წარმოება. ამ ეტაპზე თუ მხოლოდ 20-30%-ით გაფართოვდება ჩვენი საწარმო, მომდევნო პერიოდში გვინდა წარმოება გავაორმაგოთ და უფრო მეტად მოვიცვათ ქართული ბაზარი“, - ამბობს გიორგი ქომეთიანი.
მეწარმე ბიზნესისთვის ერთ-ერთ გამოწვევად ლარის კურსსაც ასახელებს, რის გამოც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბოლოო პროდუქტის წარმოების ხარჯები 100%-ით გაიზარდა, კომპანიამ კი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე სხვადასხვა სახის სარკეზე ფასი 50%-ით გაზარდა.
აღსანიშნია, რომ თბილისში მდებარე საწარმოს ამოქმედება- განვითარებისთვის ჯამში კომპანიამ 500 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.