საქართველოს პირველი ციფრული ბანკის „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, კონცენტრირებულ საბანკო სექტორში ბაზრის სტრუქტურის შესაცვლელად, მომხმარებლისთვის კონკურენტული და საინტერესო პროდუქტებით „იბრძოლებს“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ის უკვე შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას და საბანკო სექტორში კონცენტრაციის შესამცირებლად „კონკრეტული ინიციატივებიც“ წარუდგინა.
ინტერვიუ დიმიტრი ქუმსიშვილთან
- ბატონო დიმა, უკვე ხომ არ გქონიათ ნათია თურნავასთან კომუნიკაცია?
- მქონდა...
- როგორ აფასებთ მის კანდიდატურას ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე?
- ძალიან კარგად ვაფასებ...
- ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეს ელის რივლინს ეკუთვნის სიტყვები - “ცენტრალური ბანკის საქმეა ნერვიულობა და დარდი“ - რაზე უნდა იდარდოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს?
- ეროვნულ ბანკს ბევრი სადარდებელი აქვს...
- თქვენი აზრით, მთავარი სადარდებელი რა არის?
- საქართველოში ეროვნული ბანკის სტრუქტურა ძალიან რთული და კომპლექსურია. განვითარებულ ქვეყნებს რომ შეხედოთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ის ფუნქციები, რაც დღეს სებ-ს აქვს, გადანაწილებულია ძალიან ბევრ სააგენტოზე, თუმცა ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ის მოდელი, რაც დღეს გვაქვს, ყველაზე კარგია, რადგან სებ-ს აქვს დამოუკიდებლობა, აქვს საშუალება, აიყვანოს პროფესიონალები, რეფორმები გაატაროს და ა.შ. ამიტომ სადარდებელი ბევრია - ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით დაწყებული საბანკო სექტორში კონცენტრაციით დამთავრებული.
- მაგალითად, საბანკო სექტორში კონცენტრაციის შესამცირებლად, რისი გაკეთება შეუძლია ეროვნულ ბანკს?
- ეროვნულ ბანკში ძალიან კონკრეტული ინიციატივები წარვადგინეთ...
- ვერ გაგვიზიარებთ?
- ვინაიდან დიალოგის რეჟიმში ვართ, თუ კეთილად დამთავრდა, ვიტყვით. ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია, რომლითაც ვფიქრობ, შეიძლება ხელი შევუწყოთ ბაზარზე კომპანიებს, რომ მათ სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ სხვადასხვა ბანკში და სურვილის შემთხვევაში, ერთ კონკრეტულ ბანკს არ იყვნენ მიჯაჭვულები...
- ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა რადგან ახსენეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ - ნათია თურნავას მისამართით ყველაზე მთავარი კითხვები სწორედ მისი დამოუკიდებლობის ნაწილში იყო, ვინაიდან ის „ოცნების“ მთავრობის გუნდში იყო... რა იქნება იყოს ნათია თურნავას დამოუკიდებლობის საზომი და თქვენ რა რისკებს ხედავთ ამ კუთხით?
- ნათია <თურნავა> ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, მე ასე მჯერა. მან ძალიან კარგად იცის და აქვს შეგრძნებები, როგორ შეფასდება მისი საქმიანობა. მინდა, გულწრფელად ვუსურვო წარმატება. ძალიან რთული პერიოდია - ასე მოხდა, რომ მას ჯერ ნდობის მოპოვება მოუწევს და შემდგომ კარგი საქმეების კეთება. ამდენად ვფიქრობ, მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ რა იქნება დამოუკიდებლობის საზომი...
- პირველ რიგში, ალბათ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნდა დაარწმუნოს, რომ როგორც IMF-ის განცხადებაშივე ეწერა, სებ-ის ახალი კანონი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს არ ქმნის...
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან IMF-ის მისიაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და მე დიდი შრომა მაქვს ჩადებული.