მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ექსპორტის აკრძალვის ფონზე, რუსული რუბლი მკვეთრად უფასურდება

63ac019330886
გიორგი თოლორდავა
28.12.22 13:30
774
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, 24 საათში რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით დამატებით 2% შემცირდა; ერთთვიან ჭრილში რუბლის გაუფასურების მაჩვენებელი კი 14.5%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური გაცვლითი კურსით, ამჟამად ერთი დოლარის სანაცვლოდ 71 რუსული რუბლის შეძენაა შესაძლებელი, გასულ კვირას კი აღნიშნული მაჩვენებელი 60 რუბლს შეადგენდა, რაც იმას გულისხმობს რომ მოკლე პერიოდში დოლარი რუბლთან მიმართებით მკვეთრად (+18%) გამყარდა.

უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული დაღმასვლის ტენდენცია პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებასთან, რომელმაც 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.

მოგეხსენებათ, ნავთობი რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა, საბიუჯეტო შემოსავლების თითქმის ნახევარი სწორედ მის რეალიზაციაზე მოდის, შესაბამისად, რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა და მისი გაიაფება 57 დოლარამდე გაიაფება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც იმას გულისხმობს, რომ დასავლური ვალუტები რუბლთან მიმართებით სიმყარეს იძენენ, ამერიკისა თუ ევროპის მასშტაბით საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე კი, რუსეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე ტოვებს, რაც, ბუნებრივია, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები ნეგატიურ სიახლედ იღებენ, რადგან ომის გაგრძელება რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას და საერთაშორისო სანქციების სრული სიმძლავრით ამოქმედებას გამოიწვევს.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ამჟამად რუსული რუბლი აპრილში დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულამდეა გაუფასურებული.

რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტის აკრძალვას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები