მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობმომპოვებლები ნავთობსა და გაზთან ასოცირებული თბური ენერგიის გამოყენების უფლებას მიიღებენ

გეოთერმული

ნავთობმომპოვებლები ნავთობსა და გაზთან ასოცირებული თბური ენერგიის გამოყენების უფლებას მიიღებენ.  ცვლილებები  „ნავთობისა და გაზის შესახებ“  კანონში იგეგმება, რომელიც მთავრობის გეგმით, პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

საუბარია იმ ცხელ წყალზე, რომელიც ხშირად ნავთობის და გაზის მოპოვების თანამდევი პროდუქტია და თბურ ენერგიას შეიცავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი გზით მიღებული ენერგიის გამოყენება აქამდე არ იყო რეგულირებადი, მომზადდა ცვლილება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების თანახმად, ნავთობის ლიცენზიის მფლობელს მიენიჭება ნავთობსა  და გაზთან ასოცირებული თბური ენერგიის გამოყენების უფლებაც, რაც ქვეყანას მისცემს დამატებით შემოსავალს ამ თანამდევი ენერგეტიკული რესურსის ათვისების გზით“, - განუმარტეს BMG -ის „ნავთობისა და გაზის სააგენტოში.

ნახშირწყალბადებთან ასოცირებული გეოთერმული ენერგიის მოპოვება/ გამოყენებისთვის დამატებითი ლიცენზია საჭირო არ იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებით გაზის ტრანსპორტირების, გაზის დამუშავების და ნავთობის ტრასპორტირების რეგულირების საფასურის გათვალისწინებაც მოხდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში 39.1 ათასი ტონა ნავთობი და 14 მლნ კუბ. გაზი მოიპოვეს. 

რა მოცულობის გეოთერმული წყალი მოჰყვება ნავთობს, საბადოს გეოლოგიურ მახასიათებლებზე,  მოპოვების ადგილსა და მოპოვების ტექნიკაზეა დამოკიდებული. არის შემთხვევები, როდესაც  ასოცირებული თბური ენერგია მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის მოცულობას რამდენჯერმე აღემატება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები