მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაყინის ადგილობრივი მწარმოებლები წელს გაყიდვების ზრდას ელიან

645cbfca03c51
ლიკა გურაბანიძე
15.05.23 08:30
785
უამინდობის ფონზე ნაყინის სეზონი შედარებით გვიან, მაისში დაიწყო და ბიზნესებმა ფინანსური შედეგების დათვალაც სწორედ ახლა დაიწყეს.

“ბასკინ რობინსის” თანადამფუძნებელი ნიკა ბაქარაშვილი “საქმიან დილასთან” საუბრისას განმარტავს, რომ სწორედ მომხმარებლის რაოდენობის მატებამ და შედეგად, გაყიდვების ზრდამ კომპანიას იმის საჭიროება დაანახა, რომ მიმდინარე წელს 6 ახალი ფილიალი გახსნას, რაც ჯამში დაახლოებით, 200 000 დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. კომპანიაში ამჟამად ერთი სკუპის ფასი 5.50 ლარია.

“მოლოდინი გვაქვს, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით, წელს საკმაოდ კარგი წელი იქნება. აქედან გამომდინარე, წელს გაყიდვების 20-25%-იანი ზრდის მოლოდინიც გვაქვს. კონკრეტული მაჩვენებლები ტურისტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. წელს საკმაოდ კარგ წელს ველით”, - განმარტა ნიკა ბაქარაშვილმა.

“თოლიას” მარკეტინგის დირექტორის სანდრო ლომთაძის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაყიდვების 7%-მდე გაზრდა იგეგმება. ამჟამად თოლიას ნაყინის ფასი 90 თეთრიდან იწყება და 2.90 ლარის ფარგლებშია.

“გაყიდვებზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ე.წ. რუსი და ბელარუსი მიგრანტების მატებაც გაყიდვების ზრდაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, თუმცა ეს ძალიან დიდი წილი არ იქნება. გაყიდვების ზრდას დავუკავშირებდი იმას, რომ კომპანია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. მაგალითად, ქსელი გავაფართოვეთ, გაყიდვის წერტილები დავამატეთ, ახალი მაცივრები შევიძინეთ, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს”, - აღნიშნა სანდრო ლომთაძემ.

“ლუმიერსში”, რომელსაც საკონდიტრო წარმოებასთან ერთად ნაყინის გაყიდვებიც აქვს, მიმდინარე სეზონზე ტურისტების ზრდიდან გამომდინარე დადებით პროგნოზებს აკეთებენ.

“შარშანდელი პერიოდი ძალიან უცნაური იყო და ის გაყიდვები არ გვქონდა, რასაც ველოდით. რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ამან ბაზარზე ბევრი რამ განაპირობა. წელს სრულიად განსხვავებული მოლოდინები და შედეგი გვაქვს. ვხედავთ, რომ გაყიდვები გაზრდილია. ზუსტი მონაცემების თქმა გამიჭირდება, თუმცა გასულ წლის ზაფხულთან შედარებით, წელს იგივე პერიოდში გაყიდვები ორჯერ გაიზარდა, ეს კი წლის ჭრილშიც დადებითი მოლოდინის საფუძველს გვაძლევს”, - აღნიშნა "ლუმიერსის" დამფუძნებელმა ემილ კურბანოვმა. 

რაც შეეხება იმპორტიორებს, "აისლენდ ჯორჯიაში", რომელიც ქვეყანში რამდენიმე სახეობის ნაყინის იმპორტს ახორციელებს, აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინიც დადებითია და დღეს ბაზარზე არსებული სიტუაცია გაყიდვების ზრდის პროგნოზის გაკეთების საშუალებასაც აძლევთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ცხელ სეზონზე ტურისტული ნაკადების ზრდა იქნება.

კომპანიების წარმომადგენლები, მიმდინარე სეზონზე ნაყინზე ფასების ზრდას არ აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები