მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილ TBC Bank UZ-ს ორი მილიონი მომხმარებელი ჰყავს

633d2c03894f6
გიორგი არონია
06.10.22 00:45
988

საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Space-ის ბაზაზე დაარსებული TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობამ, ორ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ TBC UZ-ი ახალი თაობის სრულად ციფრული ბანკია, რომელიც ქართული საერთაშორისო ფინტექ-პლატფორმის, Space-ის ბაზაზე, 2020 წელს დაფუძნდა.

უზბეკეთის ბაზარზე და ასევე საქართველოში, კომპანია საცალო დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.

„რეალურად, TBC UZ-მა კომერციული ოპერირება დაახლოებით თვრამეტი თვის წინ დაიწყო და ციფრულ საოპერაციო გარემოში ორი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი მოაგროვა, რომელიც ჩვენი ციფრული საბანკო პლატფორმით, Space International-ით, საქართველოდან უზბეკეთში იმართება. ეს კოლოსალურად დიდი მიღწევაა. ამასთანავე, ეს რიცხვი - ორი მილიონი, უზბეკეთის 35-მილიონიან მოსახლეობასთან შედარებით უნდა გავიაზროთ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 6% ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებელია. თვრამეტ თვეში დაფიქსირებული ეს მაჩვენებელი ამ კონტექსტშიც დიდი რიცხვია, თანაც იმის ფონზე, რომ უზბეკეთში უკვე სამი ციფრული ბანკი და ფინანსური გადახდების ბევრი ორგანიზაცია ოპერირებს“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა BM.GE - სთან საუბრისას.

თავისთავად ცხადია, რომ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ქართული კომპანიის უზბეკური სამომავლო გეგმების შესახებაც ვკითხეთ. ნიკა ქურდიანის განცხადებით, კომპანიის სამომავლო გეგმები თიბისი ჯგუფის კიდევ ერთ ფინტექ-კომპანიასთან, Payme-სთან აქტიური სინერგიული პროექტების დაწყებას ასახელებს.

საინტერესოა, რომ Payme-ი ციფრული გადახდების ყველაზე დიდი პლატფორმაა უზბეკეთში, რომელსაც შვიდი მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამგვარად, თიბისი ჯგუფის ორი შვილობილი კომპანია, საერთო ჯამში, უზბეკეთში დაახლოებით ცხრა მილიონ მომხმარებელს, ანუ მოსახლეობის 25%-ზე მეტს ემსახურება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები