ისრაელის ყოფილი პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ბრუნდება. მისი მემარჯვენე კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. ამ ეტაპზე დათვლილი ხმები მიუთითებს, რომ 1 ნოემბრის არჩევნებში სწორედ მისი პარტია „ლიკუდი“ იმარჯვებს.
“დიდი გამარჯვების პირას ვართ”, - უთხრა მხარდამჭერებს ისრაელის ყოფილმა პრემიერმა.
არსებული მონაცემებით, ნეთანიაჰუს პარტია 120-მანდატიან ქსენეთში 65 მანდატს მიიღებს. ქნესეთის არჩევნები რიგით მეხუთეა უკანასკნელი სამნახევარი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, ივნისში რვა პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რომელსაც ყოფილი პრემიერი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა. ამ ეტაპზე ქვეყნის პრემიერი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იარ ლაპიდია, ის ახალი კაბინეტის შექმნამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.