ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Next-ი Topshop-ის მფლობელ კომპანია Arcadia-ში წილის შეძენას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კომპანია Arcadia-მ გასული წლის ნოემბერში გაკოტრების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც 13,000 სამუშაო ადგილი გაუქმების საფრთხის ქვეშ დადგა.
Arcadia გაკოტრების მიზეზად კრონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მაღაზიების ნახევარზე მეტი დახურულია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 444 საცალო მაღაზიას ფლობს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 22-ს.
რაც შეეხება Next-ის და Arcadia-ას თანამშრომლობას, ამ ეტაპზე Next-ი გარიგების ღირებულებას და დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, აცხადებს, რომ Arcadia-ში შედარებით უმნიშვნველო წილის შეძენას გეგმავს.
ამასთან, BBC წერს, რომ Deloitte-ი ნოემბრის შემდეგ ეძებდა ისეთ კომპანიას, ვინც Arcadia-ში ინვესტირებით დაინტერესდებოდა. გავრცელებული ინფრომაციით, Arcadia-ს წილის შეძენის სურვილი ავსტრალიურმა კომპანია City Chic-მაც გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მზად არის Arcadia-ში გარკვეული წილის სანაცვლოდ 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.