მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ — Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან

6103a8f5ae36d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 11:30
651
სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას ხშირად გაიჟღერებს მოსაზრება, რომ ის ქველმოქმედებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა სინამდვილეში სოციალური საწარმო ბიზნესია საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით. ასეთი საწარმოები ადამიანებზე ზრუნავენ და სოციუმს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულად იჩენს თავს, განათლება და დასაქმებაა. ამიტომაც ერთიორად დასაფასებელია ის საწარმოები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ. სოციალურ მეწარმეებს განათლების ტრანსფორმაცია შეუძლიათ. მათ აქვთ უნარი, აწარმოონ პროდუქტი, შექმნან სერვისი ან ისეთი სივრცე, რომლის დახმარებით ადამიანები გარე სამყაროს შესახებ გაიგებენ მეტს და იპოვიან საკუთარ თავს ახალ დარგებში.

სწორედ ამ მიზანს — რეგიონებში განათლების გავრცელებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება ორი სოციალური საწარმო, რომელიც Social Impact Award 2021-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. „ფარდაგები რაჭიდან“ და „ნიკოს ეზო“ სოფელ ხეთაში რეგიონის მკვიდრებს სრულიად ახლებურ გამოცდილებას და თავგადასავალს ჰპირდება.

„ნიკოს ეზო“

„ნიკოს ეზო“ ერთი წელია, სამეგრელოში, ხეთაში ფუნქციონირებს. ის სოფელში ურბანული გამოცდილების გაზიარებას, არაფორმალური განათლების გავრცელებას და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

“ყველაფერი მოხალისეობრივად დაიწყო, ხეთაში ჩამოვდიოდით, დროს ვატარებდით. მალე სურვილი გაგვიჩნდა, ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ ჩვენ გარშემო, ჩამოგვეყვანა მეგობრები ქალაქიდან და მათ სრულიად უსასყიდლოდ ცოდნა გაეზიარებინათ ადგილობრივებისთვის”, - ყვება პროექტის თანაშემწე ნიცა ბუხნიკაშვილი.

„ნიკოს ეზომ“ დაფინანსების მოპოვებაც შეძლო და არაფორმალური განათლების გავრცელების კუთხით აქტიურად დაიწყო მუშაობა. ახლა მეორე პროექტი მიმდინარეობს — სამეწარმეო მიმართულებით. ისინი აპირებენ, ადგილობრივები გადაამზადონ და ასწავლონ მათ ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მედია და სხვა დარგები. „ნიკოს ეზოში“ გადამზადებული ადგილობრივები თანასოფლელ ფერმერებს და მცირე თუ დიდ კომპანიებს მოემსახურებიან. სექტემბერ-ოქტომბერში აქვე შეიქმნება ციფრული სააგენტო.

“პანდემიის დროს, პროდუქტებისა თუ მომსახურების გაციფრულების ტენდენციას თბილისმა ფეხი კარგად აუწყო, თუმცა რეგიონში ეს ბევრმა მეწარმემ და ფერმერმა ვერ მოახერხა. არადა, კონტენტის შექმნა რეგიონში ძალიან საინტერესოა. როცა ჩვენს ეზოში დროს ვატარებთ, ბევრი იდეა მოგვდის - ბუნებასთან სიახლოვე, აქაური გარემო შთაგონების კარგი წყაროა”, — ამბობს ნიცა ბუხნიკაშვილი.

ამიტომაც გადაწყვიტეს, ადგილობრივებისთვისაც გაეცნოთ ციფრული სამყაროს შესაძლებლობები და მათთვის ახალი გზები გაეხსნათ. ავტორები იმედოვნებენ, რომ ზუგდიდისა და მიმდებარე სოფლების გარდა, მალე ბევრ სხვა რეგიონსაც ჩართავენ ამ საქმეში.

გუნდში სამნი არიან - ნიცა ბუხნიკაშვილი პროექტის თანაშემწეა, ნიკოლოზ ბაძაღუა — მენეჯერი, ლევან ბაძაღუა კი ადგილობრივი კოორდინატორი. ამ სივრცის შექმნის იდეა კი ოჯახური ტრადიციიდან წამოვიდა.

“ბაბუას ერქვა ნიკო, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ამით იყო სოფელში ცნობილი. თანასოფლელებმა იცოდნენ, რომ შეეძლოთ მოსულიყვნენ, ლიტერატურა მოეძიათ. ნიკო, მისი მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები პედაგოგები იყვნენ, ცოდნის გაზიარება მათი ტრადიცია იყო და გვინდოდა ეს გზა არ შეწყვეტილიყო”, - გვიამბობს ნიცა ბუხნიკაშვილი.

„ნიკოს ეზოს“ დამფუძნებლების მიზანია, არა მარტო ხეთაში, არამედ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთ ჰქონდეთ განცდა, რომ მათთან ახლოს არის ადგილი, სადაც შეუძლიათ განვითარდნენ, გამოიყენონ ტექნიკა, გაცვალონ ინფორმაცია, გაიფართოონ სანაცნობო წრე. “გვინდა, მათ გაუჩნდეთ მიკუთვნებულობის განცდა „ნიკოს ეზოსთან“, ეს სივრცე ნამდვილად მათია”.

მიზნების მიღწევაში „ნიკოს ეზოს“ Social Impact Award-ის ორგანიზატორები ეხმარებიან. ნიცა ბუხნიკაშვილი იმედოვნებს, რომ სოფლად მალე ბევრი გაიგებს ციფრული უნარების უპირატესობების შესახებ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას შეძლებს.

„ფარდაგები რაჭიდან“ 

„ფარდაგები რაჭიდან“ ახალგაზრდა ხელოვანის, ანა ჯელაძის სოციალური საწარმოა. საწარმო რაჭაში, ონში გაიხსნება და იმ ადამიანებს უმასპინძლებს და დაასაქმებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელსაქმით, ფარდაგების ქსოვით. ისინი აქ, ადგილზე შეისწავლიან ქსოვას და ნამუშევრების გაყიდვასაც შეძლებენ.

“მე ტექსტილის დიზაინს ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და სწავლის დასრულების შემდეგ რაჭაში დავბრუნდი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაა დასაქმების ფართო შესაძლებლობები, გადავწყვიტე, თავად შემექმნა სივრცე, რომელიც ერთი მხრივ გააცოცხლებდა და პოპულარიზაციას გაუწევდა ფარდაგების ქსოვის მივიწყებულ ტრადიციას და მეორე მხრივ ადგილობრივებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა”, - ამბობს ანა ჯელაძე.

ონში დაბრუნების შემდეგ მან ადგილობრივ სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლება, ბავშვებს ასწავლის ხატვას, კომპოზიციას, ასევე, ხალიჩის, გობელენებისა და ფარდაგების ქსოვას. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ, რომ ხალიჩების ქსოვას ასწავლიდა, უფროსებისგანაც წამოვიდა დაინტერესება.

“ძალიან მინდა ფარდაგებისა და ხალიჩების ქსოვა არა მარტო რაჭაში, არამედ მთელ საქართველოში გახდეს პოპულარული. მინდა ადგილობრივებს ახალი საქმიანობის, პროფესიის წამოწყებაში დავეხმარო, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო და მხარეს ტურისტული პოტენციალი გაეზარდოს”, - აცხადებს ჯელაძე. 

ის პროექტს ინდივიდუალურად უძღვება. პირველ რიგში სურს, მოაწყოს სახელოსნო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს — აქ დაამზადებენ არა მარტო ფარდაგებს, არამედ სხვა პრაქტიკულ ნივთებსაც. “მინდა, რეგიონებიდან მოვიწვიო ადამიანები, გადავამზადო ისინი, გავუზიარო ცოდნა და მათ შემდეგ თავიანთ რეგიონებში განავითარონ ეს მიმართულება. ფარდაგების ქსოვა არც ისე რთულია, თუმცა სჭირდება ბევრი დრო და მუშაობა. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ნამუშევრის შექმნას", - ამბობს ფარდაგების საწარმოს მფლობელი. 

Social Impact Award-ზე ვორქშოპების გავლის შემდეგ ანა ჯელაძე ენთუზიაზმით აივსო და მიხვდა, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი მიზნების ასრულების გზაზე. “კარგი მოლოდინები მაქვს და მჯერა, რომ თუ მოვინდომებ, ყველაფერი გამომივა. პროექტიც და მისი ორგანიზატორები ამ გზაზე აუცილებლად დამეხმარებიან. პროექტში გამარჯვება ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება. ის ფინანსური თვალსაზრისითაც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარება”, - გვიამბობს ანა ჯელაძე.

ის აღნიშნავს, რომ მისი სახელოსნოს კარი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის იქნება ღია და იმედოვნებს, რომ ის ადგილობრივებს ახალი საქმით დიდ დახმარებას გაუწევს.

Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.

პროგრამა საქართველოში Tbilisi Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თიბისი ამ პროექტით ხელს უწყობს ბიზნესის მხარდაჭერას განვითარების ადრეულ ეტაპზე. Social Impact Award-ი ასევე ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები