საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების წარდგინებით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიერ 2014 წელს დაარსდა. განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, კლიმატის მწვანე ფონდში ფინანსების უპრეცედენტოდ მასშტაბური აკუმულირება ხდება.
"საქართველო მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს GCF-თან. დღეისთვის, ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერით, რამდენიმე დიდი პროექტი მიმდინარეობს.
ფონდის მმართველ საბჭოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილის არჩევა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან, ხელმისაწვდომი გახდეს კლიმატგონივრული ტექნოლოგიები და გაიზარდოს მწვანე დაფინანსება" - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.