მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანი კანონდამრღვევი დეველოპერებისთვის ჯარიმების სრულად ჩამოწერის წინააღმდეგია

60b4a9ae64c5a
ინგა მურუსიძე
31.05.21 13:15
944
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საშენებლო ამნისტიის კანონპროექტით კანონდამრღვევ დეველოპერებს ჯარიმები სრულად არ უნდა ჩამოეწეროთ.

როგორც წილოსანმა კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში თქვა, შესაძლოა ამნისტიამ წაახალისოს სხვა კანონდამრღვევი დეველოპერები და გადასახადები აღარ გადაიხადონ.

როგორც ცნობილია, სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

„მე არ ვეწინააღმდეგები შენობების ექსპლუატაციაში მიღების აუცილებლობას, იმ ადამიანების საჭიროებას, ვისაც საკუთრებაში სურს და ლეგიტიმური უფლება აქვთ, რომ დაისაკუთრონ თავიანთი ბინები და სახლები. ჩემი კითხვაა, რამდენად შესაძლებელია განვიხილოთ ამ კომპანიებისთვის, რომლებიც ამნისტიაში მოხვდებიან, არა გაუქმება, არამედ განახევრება ჯარიმების, ან გამესამედება. ვთვლი, რომ ძალიან ცუდი მესიჯი იქნება გაუქმება, რადგან სავარაუდოდ ნებისმიერ დეველოპერს, რომელსაც ვალი ექნება, ექნება იმედი, რომ მომავალში შესაძლოა ამნისტიაში მოხვდეს.

დარღვევები არ იყო შემთხვევითი, ეს იყო გააზრებული და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა გათავისუფლდნენ სრულად გადასახადის და ჯარიმის პასუხისმგებლობისგან. მესმის, რომ არიან კომპანიები, რომლებიც გაკოტრებული არიან, ან გაქცეულები და ა.შ. ეს არ იქნება დიდი წილი და არ შეუშლის ხელს იმას, რომ ჯარიმა არ გაუქმდეს. მინდა გთხოვოთ და გითხრათ, ჯარიმის გაუქმება იქნება ცუდი მესიჯი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საკითხზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

„რეალურად, რა ოდენობის ჯარიმაზეა საუბარი, არ ვიცით, რადგან ექსპლუატაციაში არ არის მიღებული 6000 ობიექტი, მათ რა ტიპის დარღვევები აქვს, ეს ცნობილი არ არის, სწორედ ამიტომ არის 2-წლიანი ვადა, რომ მათ მოგვმართონ. ცნობილია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა მოსახლეობას მოუმართავს, გვიშველეთო. დეველოპერებს ბევრს არც აქვს მომართული, რომ ექსპლუატაციაში მივიღოთ.


ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ჩვენ უნდა დავხუროთ პრობლემური 20-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა და დაიწყოს ჯანსაღი პროცესი, სადაც ადამიანები ბინებს რომ იყიდიან, ეცოდინებათ, რომ ეს ბინა უსაფრთხოა და ეს ბინა არის ექსპლოატაციაში მიღებული და მათ ამონაწერში არ ამოუვათ, რომ მათი ბინა არის მშენებარე, რომელიც უწერიათ 15-16 წელი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციისთვის, მარტის დასაწყისში თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განმარტებით, კანონპროექტი მშენებლობების კუთხით სამ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს:

1. სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.


2. მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების განმეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

3. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.

კალაძის ინიციატივა უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მის განსახორციელებლად 7 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები