აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მიწის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სააგენტოს მუშაობის მიმდინარეობაზე და მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწის ინვენტარიზაციის საკითხებზე ისაუბრეს.
„მიწის რეფორმა არის ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელზეც ხელისუფლება მუშაობდა. ამ მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა. ცვლილებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო მიწის მონიტორინგის და აღრიცხვის სააგენტოს დაარსება, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაფუძნებულიყო. მას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განსახორციელებელი ჰქონდა ვალდებულებები. კომიტეტმა მიზნად დავისახეთ, რომ საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგი გავუწიოთ მიწის სააგენტოს მუშაობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მან სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია რეესტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა.
„როდესაც ამ პროექტს დავასრულებთ, იქნება ნამდვილად სამაგალითო პროექტი. სამწუხაროდ, მიწის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია მინისტრთან და პრემიერ მინისტრთან, იმიტომ, რომ მიწის ბალანსის შედგენა, რომელიც კანონით გაწერილია 2023 წლამდე, უნდა მოხდეს აუცილებლად გადავადების გარეშე, მაგრამ თუ დროულად არ იქნება დაწყებული, შეუძლებელი იქნება მისი დროული დასრულება. ამ საკითხებზე კომიტეტი ვაპირებთ აქტიურ მუშაობას, იმიტომ რომ ყველა პროექტი, ინიციატივა, პოლიტიკის ნაწილი, რაც დავიწყეთ განსახილველად პირდაპირ კავშირში არის მიწის რეგისტრაციის სრულყოფასთან და საბოლოო ჯამში, ამ აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან. ამიტომ, მიწის სააგენტოს მუშაობას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.