მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის მშენებლობის პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება

6214f46dd3170
მარიამ იზორია
22.02.22 21:43
921
კომპანია “გურია ფიშ ფარმინგი” ლანჩხუთის რაონის სოფელ წყალწმინდაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის მშენებლობის პირველ ეტაპს მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს. “გურია ფიშ ფარმინგს” ნორვეგიიდან ჩამოყვანილი ლიფსიტებით კომპანია “გურია ფიში” მოამარაგებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო დობორჯგინიძემ განუცხადა, პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 8.5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი ორგანიზაციის “აწარმოე საქართველოში” დაფინანსებაა.

კომპანიის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ მეურნეობა 700 ტონა თევზის წარმოებას შეძლებს. 5 წელიწადში კი, როდესაც პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს, მეურნეობის წარმოება 10 000 ტონას მიაღწევს.

“მიმდინარე წლის ზაფხულისთვის უკვე პირველი ეტაპის დასასრულს მივუახლოვდებით. წარმადობა საწყისად 700 ტონა ორაგული იქნება. ლიფსიტებს კომპანია “გურია ფიში” ნორვეგიიდან ჩამოიყვანს და როგორც კი მათი წონა 60 გრამს მიაღწევს, ლიფსიტები ჩვენს ფერმაში გადმოინაცვლებენ.

როგორც გათვლილი გვაქვს პროექტი 5 წლის ვადაში განხორციელდება. საბოლოო წარმადობა 10 000 ტონასაც მიაღწევს. რაც შეეხება რეალიზაციას, ჩვენი ძირითადი მიმართულება საექსპორტო ბაზრები იქნება, თუმცა ადგილობრივ ბაზარსაც მოვამარაგებთ”, - განმარტავს ვანო დობორჯგინიძე.

“გურია ფიშ ფარმინგის” პროექტის ჯამური ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება. კომპანიის განკარგულებაში ჯამში 10 ჰექტარი ტერიტორიაა, საწყის ეტაპზე კი მეურნეობა მხოლოდ 1 ჰექტარს აითვისებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს ნორვეგიული ორაგულის პირველი მეურნეობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები