მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნურავის უკვირს, რატომ არის შეჩერებული "ნენსკრაჰესის" პროექტი - საგანელიძე

61a888b45b8d3
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.21 13:50
2195
2015 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “ნენსკრაჰესის” 280-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა “იწყებოდა”. ამ განცხადებიდან 6 წელზე მეტია გასული და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე სოციალური პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაჩერების გამო შეჩერებულია. ბოლო მონაცემებით, "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დასრულების შესაძლო თარიღმა 2027 წლისთვის გადაინაცვლა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. 

“საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ BMG-ის კითხვაზე განაცხადა, რომ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პროექტის განვითარება გაჩერებულია. ამასთანავე, ისაცხადებს, რომ ფონდმა ახალი პროექტების შერჩევისას არ უნდა ჩადოს ინვესტიციები ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში და ამის ნაცვლად უპირატესობა მზის და ქარის სადგურებს მიანიჭოს.

“ნამახვანის მსგავსი პრობლემები გაუჩნდა ნენსკრაჰესს... თავიდან გარემოსდაცვითმა სტრუქტურებმა მოითხოვეს გაჩერება, იმიტომ რომ იქ ფოცხვერი ნახეს და წელიწადნახევარი პროექტი გაჩერებული იყო. შემდეგ ეს ზონა შედის ე.წ. ზურმუხტის კონვენციაში ჩადებულია, რომ აქ გარკვეული მიმართულებები არ უნდა გაკეთდეს და წელიწადნახევარი შვეიცარიაში ზურმუხტის კონვენციასთან ხდებოდა საკითხების გარკვევა. ახლა რატომ არის გაჩერებული ნურავის ნუ უკვირს. მე ვიტყოდი რომ შეჩერებულია. ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილებების მიმღები, ჩვენ ვართ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი.

რეფორმირებული ფონდის სახელით ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა გიპასუხებთ დღევანდელი “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის სახელით. გეტყვით, რომ ჰიდროელექტროელექტროსადგურების თუ სხვა სადგურების მშენებლობაში საპარტნიორო ფონდი არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას და ეს არის ენერგეტიკის ფონდის გადასაწყვეტი საკითხი. რაც შეეხება მწვანე ენერგიის პროექტებს ეს შეიძლება იყოს ისეთი პროექტები, როგორიცაა მზის, ქარის თუ წყალბადის პროექტები,” - ამბობს დავით საგანელიძე.

280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

"ნენსკრაჰესის" $1 მილიარდიანი პროექტი ვერ განხორციელდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები