"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის კვლევა საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების შესახებ. კვლევის თანახმად, ქვეყანაში სულ 3,200-მდე კომპანიაა, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ოფშორული ზონების კანონმდებლობა მაღალი კონფიდენციალურობით გამოირჩევა, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის უცნობია თუ ვინ არის ქვეყანაში მოქმედი არაერთი მსხვილი კომპანიის რეალური ბენეფიციარი მესაკუთრე. ამასთანავე, TI საქართველოს კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ოფშორები კორუფციული მიზნებითაც გამოიყენებოდეს და კონკრეტული ბიზნესების უკან ანონიმურად მაღალი თანამდებობის პირები იდგნენ.
ამასთანავე, ოფშორები არაერთი მსხვილი კომპანიის უკან დგანან და ისინი ხშირ შემთხვევაში საქართველოს ტოპინვესტორებადაც ითვლებიან, მხოლოდ 2011-2020 წლებში ოფშორული ზონებიდან ქვეყანაში $5.2 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
ოფშორული კომპანიები საქართველოში:
"ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.
2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია.
კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.
2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება, დაახლოებით, 77 მლნ ლარია.
ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით ოფშორული კომპანიების მაგალითებია:
შპს „თბილისი ენერჯი“
2019 წლის ივლისამდე შპს „თბილისი ენერჯის“ იურიდიული სახელწოდება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იყო. 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა სს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ვოლთბეიმ“ შეისყიდა, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 2018 წელს კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარია იყო.[13] 2019 წელს „ვოლთბეიში“ 50%-იანი წილი „Weco investment and finance S.A.“-მ შეისყიდა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco investment and finance S.A.“-ს 100%-ის მფლობელი ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ია, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის საბოლო ბენეფიციარი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვია. „Weco investment and finance S.A.“-მა 2019-2021 წლებში „კავკასუს ონლაინის“ 100% შეიძინა. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გარიგება სამართალდარღვევად სცნო და „კავკასუს ონლაინს“ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.[14] როგორც „თბილისი ენერჯის“, ასევე „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი, ერთი და იგივე პიროვნება ნასიბ ჰასანოვია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების (N3/52-2009) საფუძველზე, 2019 წლის მაისამდე „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობდა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) სასამართლოში შეტანილ სარჩელში ამტკიცებდა, საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიის - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ შესყიდულ ბუნებრივ აირზე დიდი ვადაგადაცილებული დავალიანების (79.6 მლნ ლარი) დაგროვების გამო კომპანიამ აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა. დავალიანება 2010 წლის 14 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაეწერა, რომელსაც ყოველდღიურად 0.05%-ის საურავი ერიცხებოდა. საქართველოს მთავრობას და კომპანიას შორის დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდა. 2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ და სს „ყაზტრანსგაზმა“ ხელი მოაწერეს საარბიტრაჟო შეთანხმებას დავის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. „ყაზტრანსგაზმა“ გაყიდა თავისი წილი კომპანიაში და ყველა თავისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ გადასცა შპს „ვოლთბეის“ 40 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ. ამასთან, კომპანიას ეპატია ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანება.[15]
შპს „იუაის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „თბილისი ენერჯის“ აქტივები 161 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით, მისი აქტივები 18%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 81 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი 18 მლნ ლარი იზარალა.
შპს „ვიონი საქართველო“
შპს „ვიონი საქართველოს“ წილებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სამი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 51%-ს, „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს და შპს „მირენ ინვესტ“ - 20%-ს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკოლოზ ჭიაურელი, მუჰთერემ კაან თერზიოღლუ (თურქეთი) და სერხი ერრერო ნოგუერა (ესპანეთი) არიან, ხოლო დირექტორი ანდჟეი ედვარდ მალინოვსკია (პოლონეთი).
„ვიონი საქართველო“ 2003 წელს დაარსდა. შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული 2019 ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო კონტროლს შპს „ვიონი“ ახორციელებს, რომელიც ჰოლანდიაში არის რეგისტრირებული. "ვიონის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი აქციონერი.
„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელია და შემოსავალს ძირითადად ფიჭური სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევით იღებს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიონი საქართველოს“ აქტივები 115 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მისი აქტივები 90%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 40.2 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 194 მლნ ლარის.
შპს "აიდიეს ბორჯომი"
მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალია, რომელიც ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. სათავო კომპანიის 60%-ს (2019 წლის მდგომარეობით) „სი თი ეფ ჰოლდიგს ეს. ეი“ ფლობს, რომელიც ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.
შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 159 მლნ აშშ დოლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 19%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 17.3 მლნ აშშ დოლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი 14.5 მლნ აშშ დოლარი.
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 95%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ფლობს, 5%-ს კი გერმანიის მოქალაქე ორსტ კოსტა ჯიჩა. კომპანიის დირექტორი მამია ბერიძეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 100% „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ეკუთვნოდა, რომლის საბოლოო მფლობელი შმაგი ქემერტელიძე იყო. უცნობია 2018 წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა ოფშრული კომპანიის მფლობელი.
„ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ორი შვილობილი კომპანიის მფლობელია: შპს „ყვირილა-2007“ და შპს „ჯორჯიან ფეროელოის“. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზაციაა.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ აქტივები 84.3 მლნ ლარი იყო და 2018 წელთან შედარებით ისინი 36%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 1.5 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 6.4 მლნ ლარის.
შპს „რუსთავის ფოლადი“
შპს „რუსთავის ფოლადის“ 100% წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს „Tolanius Beheer B.V.“-ია, დირექტორი კი ნუგზარ კაჩუხაშვილია. კომპანიის საბოლოო მფლობელი „Park Street Capital L.P“-ია, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„რუსთავის ფოლადი“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელია, რომელიც წელიწადში 1 მლნ ტონაზე მეტ ფოლადს აწარმოებს. რუსთავის ქარხანა 1948 წელს არის დაარსებული. 1999-2006 წლებში იგი ფაქტობრივად გაჩერებული იყო. 2006 წელს ქარხნის აქციების სრული პაკეტი ინგლისურ-ქართულმა კომპანიამ, „Energy and Industry LLC“-მ შეიძინა. „რუსთავის ფოლადი“ ქარხნის მფლობელი 2011 წლიდან გახდა.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „რუსთავის ფოლადის“ აქტივები 192 მლნ ლარი იყო და 2018 წელთან შედარებით ისინი 26%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 592 ათასი ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2018 წელს კი 8.8 მლნ ლარის მოგება დარჩა.
შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“
შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ 50%-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია ფლობს, 16.7%-ს - „ველ თრეიდინგ FZE” (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 16.65-16.65%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები - „Ornon International S.A“ და „Semiston Group Inc“ ფლობენ. ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ძირითად საქმიანობას ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანიის კლიენტები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიები და მსხვილი გაზის მომხმარებლები, მათ შორის თბოსადგურები არიან.
აუდიტორულ კომპანია შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ აქტივები 244 მლნ ლარი იყო და 2018 წელთან შედარებით ისინი 55%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 41.4 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 21.3 მლნ ლარის.
შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“
შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Comodon Holding“ ფლობს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბენეფიციარები გიორგი რამიშვილი (61.9%), ალექსი თოფურია (28.6%) და დევიდ ფრანც ბორგერი (9.5%) არიან.
„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ 4 შვილობილ კომპანიას ფლობს: შპს „სილქ ენერჯი ჰოლდინგს“, შპს „ესარჯი რიალ ისთეითს“, შპს „სილქ როუდ ენერჯის“ და შპს „სილქნეტ ჰოლდინგს“.
შპს „ესარჯი რიალ ისთეითის“ აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 865 მლნ ლარი იყო. 2019 წელს მას 9.2 მლნ ლარის მოგება დარჩა. აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის თბილისსა და ბათუმში არსებული სასტუმროები „რადისონ ბლუ“, წინანდალში არსებული „რადისონ ქოლექშენი“ და თბილისსა და ბათუმში არსებული კაზინოები „ივერია“. ასევე, ჯგუფი ფლობს სხვადასხვა უძრავ ქონებას თბილისში, აჭარასა და კახეთში.
შპს „სილქ როუდ ენერჯის“ აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 26.4 მლნ ლარი იყო. 2019 წელს მან 4.7 მლნ ლარის ზარალი ნახა. კომპანიის მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიით და ტელეკომუნიკაციებით უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი ობიექტების მშენებლობაა. მას ეკუთვნის შპს „ბახვი ენერჯი“, შპს „მაჭახელა ჰესი“ და შპს „ბახვი 5“.
შპს „სილქნეტ ჰოლდინგის“ აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 852 მლნ ლარი იყო. 2019 წელს კომპანიამ 48 მლნ ლარის ზარალი ნახა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სატელეკომუნიკაციო მომსახურება წარმოადგენს. 2018 წელს ჰოლდინგში შემავალმა სს „სილქნეტმა“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილი 152 მლნ აშშ დოლარად შეისყიდა.
შპს „სილქ ენერჯი ჰოლდინგს“ 2020 წლის 28 დეკემბერს არის რეგისტრირებული და წლიური ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.
„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ ასევე ეკუთვნის საქართველოში მოქმედი „სილქ როუდ ბანკი“, რომლის აქტივები 2020 წლის 31 დეკემბერს 80 მლნ ლარი იყო. ბანკმა 2020 წელი 1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.
შპს „სუფთა სახლი“
შპს „სუფთა სახლის“ 5%-იან წილს თამარ ღვინიაშვილი ფლობს, ხოლო 95%-ს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „GRG Trading“, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „სუფთა სახლის“ დირექტორი ირაკლი ღვინიაშვილია. კომპანიის საქმიანობის სფეროს მაღაზიათა ქსელის მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მიწოდება წარმოადგენს.
აუდიტორულ კომპანია „ალტერ ეგოს“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სუფთა სახლის“ აქტივები 83.3 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, მისი აქტივები 187%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 4.9 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 3.9 მლნ ლარის.
შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროები“
შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 80%-ს სენტ-კიტსსა და ნევისში რეგისტრირებული კომპანია „ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, 20%-ს კი - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ჯი ემ თი უძრავი ქონება“. „ჯი ემ თი უძრავი ქონების“ 100%-ს „თბილისი რიალ ისთეით ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, რომელიც ასევე სენტ-კიტსსა და ნევისში არის რეგისტრირებული. საბოლოო ჯამში, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 100%-ის მესაკუთრე კომპანიები სენტ-კიტსსა და ნევისში არიან რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია, დირექტორი კი გიორგი თავაძეა.
„ჯი-ემ-თი სასტუმროები“ 1996 წელს დაარსდა როგორც სააქციო საზოგადოება „სასტუმრო თბილისი”. „ჯი-ემ-თი სასტუმროები” მას 2004 წლიდან ჰქვია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სასტუმროებისა და ბიზნეს ცენტრების ფლობაა. კომპანია ასევე ჩართულია სასტუმროების მართვაში და ბიზნეს ცენტრების მომსახურებაში. ამჟამად კომპანია ფლობს „Tbilisi Marriott Hotel“-ს, „Tbilisi Courtyard by Marriott Hotel“-ს, „Moxy Tbilisi Hotel“-ს და „GMT Plaza“-ს.
აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ აქტივები 64.3 მლნ აშშ დოლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 7%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიამ 9.6 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 5.7 მლნ აშშ დოლარის.
შპს „სანშაინ“
შპს „სანშაინის“ 90%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „GANNADO WORLDWIDE S.A“ ფლობს, ხოლო 10%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული „Solna Leisure Holdings Limited“. კომპანიის დირექტორი ნინო ბაქრაძეა. შპს „სანშაინ“ 2000 წელს დაფუძნდა და 2016 წლის თებერვლამდე შპს „კაზინო აჭარას“ სახელით ფუნქციონირებდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზარტული თამაშების ბიზნესია. ვირჯინიის კუნძულებზე და კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
აუდიტორულ კომპანია შპს „ალკანი ჯგუფის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სანშაინის“ აქტივები 75 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით ისინი 134%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 4.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 3.7 მლნ ლარის.
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ 50%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „აკერტ გრუპ ეს.ეი“ ფლობს, 25%-ს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჯორჯია“. თუმცა, „ფრენფილდ ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჰოლდინგს“ არის. აღნიშნული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ჯორჯიან პეტროლიუმის“ დირექტორი ნოდარ კვირიკაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ირაკლი იაშვილი, გიორგი ჯაფარიძე და როვშან მამმადოვი (აზერბაიჯანი) არიან.
„ჯორჯიან პეტროლიუმი“ აეროპორტების ტერიტორიაზე ავიაკომპანიების კუთვნილი საჰაერო ხომალდებისთვის საავიაციო საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს. იგი საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის რეალიზაციას სამ აეროპორტში ახდენს: ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. კომპანიის ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანიები: „Maddox DMCC“ და „Socar“.
აუდიტორულ კომპანია შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ აქტივები 41.8 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 171%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 5.1 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 4.9 მლნ ლარის.
შპს „ჯეოსთილი“
შპს „ჯეოსთილის“ 90%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Georgian Steel Group Holdings Limited“-ია, 10%-ს კი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია შპს „JSW Steel B.V“ ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ინდოეთის მოქალაქე ბალაკრიშნან საჯივია. ვირჯინიის კუნძულებზე და ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ჯეოსთილის“ძირითად საქმიანობას სამშენებლო არმატურის წარმოება წარმოადგენს. მისი ოფისი და საწარმოო ქარხანა ქალაქ რუსთავშია განთავსებული.
აუდიტორულ კომპანია შპს „BDO“-ს მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯეოსთილის“ აქტივები 124 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 29%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიას 20 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 25.8 მლნ ლარის.
შპს „სერვის ნეტ გრუპი“
შპს „სერვის ნეტ გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „იუპიტერ ფინანს ლიმიტედი“, ხოლო დირექტორი ლევან ურუშაძეა. „იუპიტერ ფინანს ლიმიტედის“ საბოლოო მფლობელი ასევე მალტაზე 2012 წელს რეგისტრირებული კომპანია „არტიო თრუსთის ლიმიტედ“ არის, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.[17]
„სერვის ნეტ გრუპის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა, საჰაერო და მიწისქვეშა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის, ასევე, შიდა ქსელის (ინტერნეტი, ელექტროენერგია, გაზი და წყლის გაყვანილობა) მოწყობა. კომპანია საქმიანობას აწარმოებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.
აუდიტორულ კომპანია შპს „არესემ საქართველოს“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სერვის ნეტ გრუპის“ აქტივები 5.5 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 1%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიას 569 ათასი ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 770 ათასი ლარის.
შპს „მარსი“
შპს „მარსის“ 51%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს ფლობს, 24%-ს ლევან ახვლედიანი, 10%-ს რუსეთის მოქალაქე კნიაზ დასენი (პარლამენტის წევრის ისკო დასენის შვილი), 5-5%-ს ვანო გიგლემიანი, კობა გიგლემიანი და გიორგი ჩხაიძე. 2019 წლის ივლისამდე „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს „Kaiane Services (Malta) Limited“-ს ერქვა. „Kaiane Services (Malta) Limited“ შპს „მარსის“ 51%-იანი წილის მფლობელი 2019 წლის მაისში გახდა. „Bwin Holdings (Malta) Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მულტიბრენდული ინტერნეტ პლატფორმის www.crystalbet.com-ის საქმიანობის წარმართვაა, რომელიც ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს და სხვა ონლაინ თამაშებს მოიცავს.
აუდიტორულ კომპანია შპს „KPMG“-ის მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „მარსის“ აქტივები 89.6 მლნ ლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 69%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 94 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 49 მლნ ლარის.
შპს „გდგ“
შპს „გდგ“-ის 85%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Mandalor LTD“ ფლობს, 10%-ს - ვლადიმერ დარჩიაშვილი, ხოლო 5%-ს - მაია ბიწკინაშვილი. კომპანიის დირექტორი ლევან ლანდიაა. „Mandalor LTD“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. შპს „გდგ“-ის ძირითად საქმიანობას ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა წარმოადგენს.
აუდიტორულ კომპანია შპს „არესემ საქართველოს“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „გდგ“-ის აქტივები 38.4 მლნ ლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. 2019 წელს კომპანიას 5.4 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი 406 ათასი ლარით იზარალა.
შპს „რითეილ ჯგუფი“
შპს „რითეილ ჯგუფის“ 26.7%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“ ფლობს, 30%-ს - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ქისთოუნ ინვესთმენთს“, 20%-ს - შპს „ჯიბისი ინვესტი“, 13.3%-ს - შპს „მეიდანზე“, ხოლო 10%-ს - შპს „რითეილ ინვესთმენთს“. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „რითეილ ჯგუფის“ დირექტორი ცეზარ ჩოჩელის ძმა - ლაშა ჩოჩელია. ცეზარ ჩოჩელი 2020 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი მეორედ გახდა. პირველად პარლმენტის წევრი 2004-2008 წლებში იყო.
„რითეილ ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ საცალო მაღაზიებით ვაჭრობაა. კომპანიას 260 მაღაზია აქვს.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „რითეილ ჯგუფის“ აქტივები 64.5 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 74%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიამ 7.8 მლნ ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2018 წელს კი 3.4 - მლნ ლარის.
შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“
შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“ ფლობს, 30%-ს - რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს ლევან ქორქაშვილი. „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წლის ნოემბერში დაარსდა და მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ იუდინია. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობას სამორინე და სათამაშო ბიზნესი წარმოადგენს, დამატებითი საქმიანობა კი სარესტორნო მომსახურება და ვალუტის გაცვლაა. მას ეკუთვნის გასართობი ცენტრი „ECLIPSE”, რომელიც ბათუმში მდებარეობს.
აუდიტორულ კომპანია შპს „პრესტიჟ-აუდიტის“ მიერ მომზადებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ აქტივები 72 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 9%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიამ 18 მლნ ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 17 მლნ ლარის.
შპს „გუდაური სქი რესორტ“
შპს „გუდაური სქი რესორტის“ 100%-ს მავრიკზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ჯორჯიან ინვესტმენტს ლიმიტედი“ ფლობს, დირექტორი კი ირაკლი მინაშვილია. მავრიკზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„გუდაური სქი რესორტის“ საქმიანობის ძირითადი სფეროს სასტუმროს მომსახურების გაწევა წარმოადგენს. მის საკუთრებაშია გუდაურში მდებარე ორი სასტუმრო: სასტუმრო „გუდაური მარკო პოლო“ და სასტუმრო „ალპინა“. ეს კომპანია „გუდაური მარკო პოლოს“ 2009 წლიდან ფლობს, ხოლო „ალპინას“ - 2014 წლიდან. „გუდაური სქი რესორტი“ ასევე ახორციელებს საინვესტიციო პროექტს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეხილსანერგე მეურნეობაში. კომპანიას ქალაქ თბილისის მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა და საინვესტიციო ვალდებულებად 5 მლნ აშშ დოლარი განისაზღვრა. საინვესტიციო ტერიტორიაზე კომპანიამ საფეხბურთო ბაზა და სანერგე მეურნეობა მოაწყო. ასევე, აშენებს საცხოვრებელ სახლებს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.
აუდიტორულ კომპანია შპს „ეკონომაუდიტის“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „გუდაური სქი რესორტის“ აქტივები 51.4 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 48%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 10.6 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 980 ათასი ლარის.
შპს „ალმა“
შპს „ალმას“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Meridian Malta“ ფლობს, დირექტორი კი გიორგი ტრაპაიძეა. „Meridian Malta“-ს საბოლოო ბენეფიციარები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ ფხაკაძე (50% წილი) არიან.
„ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც.
აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალმას“ აქტივები 131 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 11.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 7.9 მლნ ლარის.
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“
შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100%-ს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ICTSI Georgia Corp“ ფლობს, დირექტორი კი ნიკოლოზ გოგოლია. „ICTSI Georgia Corp“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ ბათუმში საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს ფლობს.
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ აქტივები 52.2 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 18%-ით შემცირდა. 2019 წელს კომპანიას 19 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 12.6 მლნ ლარის.
შპს „რუსთავის ავტობაზრობა“
შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ 100%-ს ბელიზში რეგისტრირებული კომპანია შპს „მიკადო ინვესტმენტს“ ფლობს, დირექტორი კი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია. „მიკადო ინვესტმენტსის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„რუსთავის ავტობაზრობის“ ძირითადი საქმიანობაა სარეალიზაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილის მიწოდება, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა–ნაგებობების ქვეიჯარით გაცემა, სასურსათო საქონლის რეალიზაცია და სხვ.
2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ აქტივები 6.8 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედაერბით აქტივები 240%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 6.1 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 4 მლნ ლარის.
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“
შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ 51%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 49%-ს - შპს „აგრიკომი“. კომპანიის დირექტორები ქეთევან კუბლაშვილი და რუსეთის მოქალაქე აბას მამედოვი არიან. „აგრიკომის“ მფლობელი კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ ძირითადი საქმიანობა მარცვლეულის შენახვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და საბითუმო ვაჭრობაა. 2020 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ შვილობილი კომპანია შპს „ლარსის მარცვლეულის ტერმინალი“.
შპს აუდიტური კონცერნ „ცოდნის“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ აქტივები 23 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 240%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 4.2 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი - 408 ათასი ლარი იზარალა", - ნათქვამია კვლევაში.