მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენი შალვა პაპუაშვილს მედიის აკრედიტაციის საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს

642ff5d8eb21e
გიგა ბენია
07.04.23 15:28
368
საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერების ფაქტს ეხმაურება. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ მსგავსი მიდგომები პოლარიზაციის შემცირებას ხელს არ უწყობს.

ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, სადავო წესში ცვლილება იმგვარად შეიტანოს, რომ რეგულაცია მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას არ იწვევდეს.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი", რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს.

სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს", -აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები