მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი - მხეცის სახე

ომი
BM. GE
24.09.23 11:57
8

მხოლოდ დაღუპულებმა ნახეს ომის დასასრული.

პლატონი

ომს არ აქვს ქალის სახე - დაწერა სვეტლანა ალექსიევიჩმა, ბელორუსმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურაში. მაგრამ ომს არც კაცის სახე აქვს. იქნებ იანუსის სახე აქვს? იანუსი იყო გარდასვლის, გაორების, ზღურბლის, საწყისის და სასრულის რომაული ღმერთი. შესაბამისას, ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ომის დასაწყისის და მისი დასასრულის ღმერთადაც. მაგრამ ომს არც იანუსის ორი სახე აქვს. ომს მხოლოდ ერთი სახე აქვს - მხეცის.

რატომ დავიწყე წინამდებარე ბლოგი შორეული წარსულის გახსენებით? ალბათ, იმიტომ რომ ისტორია მეორდება, სხვა ფორმებით და სხვანაირად შეფუთული, მაგრამ მსგავსი შიგთავსით. ჩვენს შემთხვევაში, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევით, ამ ეგზისტენციალური საფრთხის გაქრობით და მსოფლიოში ტოტალიტარული სახელმწიფოების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით, გაჩნდა რეალური იმედი, რომ კაცობრიობა ომს ნელნელა დაივიწყებდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ეფემერული აღმოჩნდა. ომმა ისევ დაიწყო თავისი თავის გამეორება. XXI საუკუნის დასაწყისშივე, 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტების მიერ გატაცებულმა თვითმფრინავებმა დაანგრიეს ნიუ-იორკის ტყუპი ცათამბჯენები, შეასკდნენ პენტაგონს, ხოლო მეოთხე ჩამოვარდა. ყველაფერი ეს აიხსნა, როგორც „წმინდა ომით“ „სატანის“ წინააღმდეგ.  2014 წელს პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც ცნობილია როგორც ISIS (Islamic State of Iraq and Syria, ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) ან უბრალოდ Islamic State (ისლამური სახელმწიფო) შექმნა არა ვირტუალური, არამედ რეალური სახელმწიფო თავისი ტერიტორიით, დედაქალაქით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, პოლიციით და საკუთარი ვალუტითაც კი. ამ ქვეყანაში კი შუა საუკუნეების მასშტაბით და სიშლეგით გაიშალა სისხლიანი რელიგიური დევნა. ომი ომად, მაგრამ მოყოლებული მე-17 საუკუნიდან მსოფლიოში პრაქტიკულად გაქრა რელიგიური ომები. თვითონ ომები არ გამქრალა (მარტო მოკლე XX საუკუნე რად ღირს), მაგრამ ეს  ომები იყო ტერიტორიის გაფართოებისთვის, ძარცვა-გლეჯისთვის, ბუნებრივი რესურსებისთვის და იდეოლოგიებისთვის. ბოლო ათწლეულია კი პოლიტიკოსთა და სამეცნიერო წლეებში აქტიურად შემოვიდა თითქმის დავიწყებული პოლიტიკური თეოლოგიის პარადიგმები - რელიგიური ომი, ესქატოლოგიური ომი, რომელიც წინ უძღვის დროის დასასრულს, დიდ სამსჯავროს.

ეს ფენომენი წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ და აკადემიურ გამოწვევას. თავისი ირაციონალიზმით ის მკვეთრ წინააღმდეგობაშია ისეთ მეინსტრიმულ თეორიებთან და სოციალურ-ეკონომიკურ არქიტექტურასთან, როგორებიცაა ლიბერალიზმი, სეკულარიზმი თუ კონსერვატიზმი. ძირითადი მეინსტრიმული იდეოლოგიები ეყრდნობიან იმ წინაპირობას, რომ ადამიანები არიან რაციონალურები და მოქმედებენ თავისი ინტერესებისთვის. ამავე დროს, ასეთი წინაპირობები ვერ ხსნიან პოლიტიკური თეოლოგიის მიმდევრების ირაციონალურ ქმედებებს, როდესაც ისინი, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი, მიილტვიან იმ მიზნებისკენ, რომლებიც ვერ აიხსნება მატერიალური დოვლათის და ფულის ენით. შესაბამისად, პოლიტიკური თეოლოგიის მიმდევრებთან არგუმენტირება ხშირად ემსგავსება ორი, ერთმანეთის ენის არმცოდნე ადამიანის საუბარს. მათი ღირებულებითი სივრცეები არ იკვეთება.

რთულია რადიკალურ, ირაციონალურ ადამიანთან, ადამიანების ჯგუფთან თუ საზოგადოებასთან კონტაქტში შესვლა და საერთო ენის მონახვა. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ როგორ რთულდება ყოველივე ზემოთქმული, როდესაც საქმე გვაქვს ფსევდო-რადიკალებთან და ყალბ ესქატოლოგებთან. შორს წასვლა არ გვინდა. რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ:

„Цель остановить верховного властелина ада, какое бы имя он ни использовал – Сатана, Люцифер или Иблис. Ибо его цель – погибель. Наша цель – жизнь.“

„მიზანი არის ჯოჯოხეთის უმაღლესი მბრძანებელის გაჩერება, რა სახელიც არ უნდა ერქვას მას - სატანა, ლუციფერი თუ იბლისი. რადგან მისი მიზანი - დაღუპვაა, ჩვენი მიზანი კი - სიცოცხლეა.“

არ გჯერათ, რომ ეს ითქვა 21-ე საუკუნეში? და რომ ამას ამბობს  ბირთვული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი? სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ:

https://t.me/medvedev_telegram/206

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რა სწრაფად გადაიქცა ჯერ ომად და მერე კი ყალბ ესქატოლოგიურ ომად. საოცარია. და საშიში. 

ავტორი: ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები