მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გამო, უკრაინის სახით მთავარი პარტნიორი დავკარგეთ - „ჩაროზი“

640040d1320de
სალომე ხიდურელი
05.03.23 16:16
690
ჯანსაღი ქართული დესერტების საწარმო „ჩაროზი“, რომელიც იმერეთის სოფელ ოკრიბაში მდებარეობს, ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისი დირექტორი ელენე ჯიშიაშვილი საუბრობს.

„მესამე წელია, რაც ვარსებობთ და ქართულ, ავთენტურ დესერტს ვაწარმოებთ. გვაქვს 8 სახეობის მინი ჩურჩხელები, ჩირეული ჩაროზი და ქართული ინოვაციური პროდუქტი - ჩარო, რომელიც „ჟელიბონის“ ჯანსაღი ალტერნატივაა. წარმოებაში საქართველოში მოყვანილ, ჯანსაღ და ნატურალურ ნედლეულს ვიყენებთ. უკვე მზად გვაქვს რამდენიმე ახალი პროდუქტი, რომელსაც, ვფიქრობ, რამდენიმე თვეში გამოვიტანთ ბაზარზე.

ფასებს რაც შეეხება, საშუალოდ, ერთი კილოგრამის ფასი 60-ლარის ფარგლებშია, რაშიც საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტი შედის. საფირმო მაღაზია ნიკორწმინდაში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს, ასევე თბილისში ფალიაშვილის 7 ნომერსა და ვაჟა-ფშაველას 13-ში. ვიღებთ შეკვეთებს ონლაინაც, სოციალური ქსელების საშუალებით“, - ამბობს ელენე ჯიშიაშვილი.

„ჩაროზის“ დირექტორი პროდუქციის საექსპორტო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზაფხულისთვის ამ მიმართულებით იმუშავებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია კრაფტულია და არ გვაქვს მასობრივი წარმოება, მცირე, 50-100 კგ-იან შეკვეთებს ვაგზავნით ექსპორტზე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე, თავისთავად, ყაზახეთსა და რუსეთში. უკრაინაში, სამწუხაროდ, ვეღარ ვგზავნით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა იყო ომამდე ჩვენი სტარტი და ძირითადი პარტნიორი. ექსპორტის გაზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ და, ვფიქრობ, მომავალი ზაფხული იქნება ჩვენი შედეგების მაჩვენებელი“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კითხვაზე, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული კომპანიისათვის დესერტის წარმოება, ჯიშიაშვილი განმარტავს, რომ გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო „ჩაროზს“ წარმოებისა და დისტრიბუციის პრობლემები შეექმნა.

„ჩაროზის“ მცირე საწარმო იმერეთის გარდა, რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაშიც არის. დღესდღეობით, ცივი ამინდის პირობებში საკმაოდ რთულია მუნიციპალიტეტებს შორის მიმოსვლა, დიდთოვლობის გამო გზებიც არ არის ნორმალურად გაწმენდილი“, - ამბობს ელენე ჯიშიაშვილი.

ინფორმაციისთვის, დესერტების საწარმო 2021 წელს საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით შეიქმნა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი BM.GE-სთან აღნიშნავს, „ჩაროზი“ ინვესტიციის გასაზრდელად კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან.

აღსანიშნავია, რომ „ჩაროზის“ საწარმოში 5 ადამიანია დასაქმებული და კომპანიის თვიური წარმადობა 0,5 ტონა პროდუქციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები