მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის შემდეგ, უკრაინა სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა იქნება - ჯაყელი

6375e8631a42e
თელარა გელანტია
17.11.22 16:34
844
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ბექა ჯაყელის პროგნოზით, ომის შემდეგ, უკრაინა სამოგზაურო ქვეყნების სიაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ წლების წინ, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ დაბალი ცნობადობა იყო.

ინტერვიუში ბექა ჯაყელმა 2005-2006 წლები გაიხსენა, როდესაც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში მუშაობდა და უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც საქართველომ ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგული კამპანიები დაიწყო.

„ძალიან მიყვარს უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი მაქვს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. ამის შემდეგ 2012 წელს USAID-ის კონსულტანტი ვიყავი უკრაინაში, როცა იქ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდებოდა. კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორს მასტერკლასებს ვუტარებდით, როგორი მარკეტინგული კამპანიები უნდა ეწარმოებინათ მასპინძელ ქალაქებს ვიზიტორების და სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად.

უკრაინის ერთ-ერთი პრობლემა ყოველთვის ცნობადობა იყო. ერთი მხრივ, მისი, როგორც ტურისტულად საინტერესო ქვეყნის ცნობადობა დაბალი იყო და მეორე მხრივ, უკრაინას ჰქონდა კორუმპირებული ქვეყნის იმიჯი. ბოლო წლებში, მართალია, ქვეყანაში წარმატებული რეფორმების ჩატარება დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ ომიც დაიწყო...

რაც შეეხება უკრაინაში ტურიზმის პერსპექტივას, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა დაიწყებს ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის აღდგენას, ის იქნება ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულება სამოგზაურო ქვეყნების სიაში, სადაც მოქალაქეები მოგზაურობას მოისურვებენ. უკრაინა იქნება დიდი ინტერესის საგანი, რადგან დღეს განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ცივილიზებულ მსოფლიოს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - ამბობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ჯაყელი.

ბუნებრივია, ომის პირობებში, სტატისტიკის წარმოება რთულია, მაგრამ UNWTO-ში სახელმწიფოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინაში დასვენების მიზნით, დიდი ალბათობით, არ ჩადიან. ასევე, საგრძნობლად შემცირდა საქმიანი ტურიზმი, ასევე ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით ჩამსვლელთა რაოდენობა.

ცნობისთვის: UNWTO-ს 2022 წლის ანგარიშის თანახმად, სადაც მსოფლიოს ყველა რეგიონის და ქვეყნის ინდიკატორია წარმოდგენილი, უკრაინაში, წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 45%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 24%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წელს უკრაინამ საერთაშორისო ტურიზმიდან 950 მლნ დოლარი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები