მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OMV Petrom: მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით

5efa017299785
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.20 19:33
1039
ავსტრიული OMV Group-ის წევრი კომპანია OMP Petrom-ი საქართველოში საქმიანობის დაწყების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. კომპანიამ 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება - მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც შედის Han Asparuh (ჰან ასპარუჰის) საძიებო ლიცენზიაში ბულგარეთის ოფშორში. ეს რუმინეთის შავი ზღვის წყლებში ჩვენი 40-წლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა,“ - განაცხადა OMP Petrom-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა პიტერ ცეილინგერმა.

BMG-ისთან საუბარში საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი, გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე OMV-სთან ურთიერთობაში შემდეგი ნაბიჯი კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გარანტიის სახით 1.67 მილიონი დოლარის წარმოდგენა იქნება. 

"პროცედურა არის ასეთი, ამავე წერილით მათ განესაზღვრათ 30 დღე, რა ვადაშიც უნდა წარმოადგინონ საბანკო გარანტია, რაც არის $1,670,000 დოლარი და კორპორატიული რეგისტრაციის დოკუმენტაცია. როგორც კი ეს დოკუმენტები და საბანკო გარანტია იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მათთან უკვე ვიწყებთ მოლაპარაკებას უშუალოდ ხელშეკრულების დეტალებზე. შემდგომ როდესაც მოლაპარაკება დასრულდება ამისთვის გვაქვს ვადა 6 თვე, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრად უფრო მალეც დამთავრდეს ეს მოლაპარაკებები. გაფორმდება ხელშეკრულება და მათ როგორც ლიცენზიანტებს შეეძლებათ განახორციელონ იმ პირობების შესრულება, რაც ტენდერში იყო ჩადებული,” - ამბობს გიორგი ტატიშვილი.

სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ OMV Petrom-თან ე.წ. Profit Sharing Agreement-ი გაფორმდება, რაც შემოსავლის განაწილების ხელშეკრულებას გულისხმობს.

ხელშეკრულების პირველი ნაწილი ძებნა-ძიების სამუშაოების განხორციელება იქნება, ხოლო მეორე ნაწილი კი უშუალოდ ნაპოვნი ბუნებრივი რესურსების მოპოვების ეტაპია. კითხვაზე თუ რა მოცულობის ინვესტიცია არის საჭირო იმისთვის, რათა ძებნა-ძიება ჩატარდეს, გიორგი ტატიშვილი პასუხობს, რომ სავარაუდოდ ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა $30 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს. უშუალოდ მოპოვების დაწყება კი ბევრად უფრო კაპიტალტევადი პროცესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები