საქართველოს მთავრობა ეძებს საერთაშორისო ინვესტორს, რომელიც შავი ზღვის შელფზე აჭარის მიმდებარედ არსებულ სალიცენზიო ბლოკში ნავთობისა და გაზის ძებნა/ძიებით სამუშაოებს ჩაატარებს. გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, რომ ტენდერში მონაწილეობაზე დაინტერესება საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოხატეს. გიორგი ტატიშვილის განცხადებით, გრაფიკის მიხედვით, ტენდერი დეკემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა არაა გამოცხადებული, რომ წინადადებების მიღება რამდენიმე თვით გახანგრძლივდეს.
მესამე სალიცენზიო ბლოკის ჩრდილოეთით მდებარეობს მეორე სალიცენზიო ბლოკი, რომლის დამუშავების უფლებაც რუმინულმა კომპანია OMV Petrom-მა 2020 წელს მიიღო.
“ვვარაუდობთ, რომ ამ ტენდერში წინადადებები მივიღოთ უკვე დეკემბერში და გავხსნათ სატენდერო პაკეტები, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ ტენდერის ვადის გადავადებას, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებები გამოიკვეთა და ინფორმაციის გაცვლის პროცესში ვართ. საუბარია მულტინაციონალურ კომპანიებზე. ამჯერად ოფიციალურად დადასტურებული ინტერესი აქვს სამ კომპანიას და სამივე მათგანი ძალიან დიდია. ჩვენ გავუხსენით ჩვენი მონაცემთა ბაზა, სწავლობენ მასალებს, საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ძალიან სკულპულოზურად ეკიდებიან და თუ მათგან იქნება თხოვნა, შეიძლება გავითვალისწინოთ და ტენდერის დედლაინი რამდენიმე თვით გადავწიოთ. ეს რამდენიმე თვე ჩვენ არაფერს გვაკარგვინებს იმ პირობებში, როდესაც აქ დიდი კომპანიის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2-3 თვით ადრე ტენდერის ჩატარება,” - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
OMV Petrom-ი წელს მის სალიცენზიო არეალში ნავთობის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რისთვისაც ამჟამად შესაბამისი ტენდერი მიმდინარეობს. გიორგი ტატიშვილის განცხადებით, კომპანიამ შავ ზღვაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვის მიუხედავად, ამ პროექტის განვითარების ტემპები არ შეამცირა.
“დაგვარწმუნეს, რომ არაფერი მათ გეგმებში არ შეცვლილა, უკვე სრულდება ქვეკონტრაქტორი კომპანიის შერჩევის ტენდერი, 4 კომპანია გამოიკვეთა და ვვარაუდობთ, რომ სადღაც ორი კვირის ვადაში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა. სავარაუდოდ, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში აქ უკვე იქნება სპეციალური გემი, რომელიც 3,000 კვადრატულ კილომეტრს და ჩვენი შავი ზღვის შელფს დაფარავს და მიიღებს მასალებს, რომელიც საბურღი წერტილის შერჩევაში დაეხმარება.
7 წელი არის ვადა, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ზოგადად ძებნა-ძიებას სჭირდება. წელს დაამთავრებენ სეისმურ სამუშაოებს, ამის დიდი იმედი გვაქვს. ალბათ 1-1.5 წელი დასჭირდება ამ მიღებული მასალის ინტერპრეტაციას, შერჩევას რისკების შემცირებას და ჭაბურღილის წერტილის შერჩევას. უკვე ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები საბურღი დაზგის მობილიზებასთან დაკავშირებით, რაც არ არის ადვილი საქმე. ამჟამად შავ ზღვაში სამი დაზგაა და სამივე დაკავებულია და სამივეს გაწერილი აქვს თავისი ვადა. ასევე დიდი ალბათობით, OMV დაიწყებს პარტნიორის ძებნას, დიდი რეპუტაციული კომპანიის, რომელთან ერთადაც რისკებს გაიზიარებს. ოპტიმისტურად თუ შევხედავთ, 2024 წლის ბოლოს ალბათ ბურღვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ფიზიკურად კი ალბათ ბურღვა 2025 წელს დაიწყება,” - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
თავად OMV Petrom-ის თანახმად, სალიცენზიო არეში სეისმური სამუშაოების ჩატარება, დაახლოებით, 30 მილიონი დოლარი დაჯდება.