მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

64be18975cc71
BM.GE
24.07.23 10:21
326
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა:

• შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს)
• ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი
• ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული)
• არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული)
პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები