მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-ის დამფუძნებელმა, სემ ოლტმენმა ინდონეზიის “ოქროს ვიზა” მიიღო

სემ ოლტმენი - კონგრესი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექსტობრივი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის დამფუძნებელი, ამერიკელი სემ ოლტმენი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ინდონეზიის “ოქროს ვიზა” მიიღო.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახურმა ოლტმენს 10-წლიანი ვიზა მისი საერთაშორისო აღიარების გამო მიანიჭა, რომელსაც, უწყების აზრით, “ქვეყნისთვის დოვლათის შექმნა” შეუძლია. აღნიშნული დოკუმენტის დახმარებით, სემ ოლტმენი გარკვეულ უპირატესობებს, მათ შორის აეროპორტებში შერბილებულ პროცედურებზე წვდომას და უფრო გრძელვადიანი დარჩენის უფლებას მიიღებს.

“ოქროს ვიზა” ინდონეზიის მთავრობის ახალი მიგნებაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ეს დოკუმენტი მის მფლობელს საშუალებას აძლევს ქვეყანაში ხუთიდან ათ წლამდე ვადით დარჩეს. ვიზის ვადიანობა ამ ადამიანის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაზე არის დამოკიდებული - თუ ადამიანი, მაგალითად, ადგილობრივი საჯარო კომპანიების აქციებში, შემნახველ ანგარიშზე ან სახელმწიფო ობლიგაციებში $350 ათასს დააბანდებს, ის ხუთწლიან ვიზას მიიღებს.

მსგავსი ტიპის დოკუმენტი არსებობს საქართველოშიც - ჩვენთან, მას “საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა” ჰქვია. 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში საქართველომ საინვესტიციო ბინადრობის 1537 ნებართვა გასცა. 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ბინადრობის მოსაპოვებლად აუცილებელი ინვესტიციის მოცულობა 300 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვრა $300 ათასით. ამასთან, 2019 წლიდან აღნიშნული ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინაც, თუ პირი საქართველოში ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება $300 ათასის ეკვივალენტს ლარში. შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისამდე 300,000-ლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ სულ 566 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ანუ 2019 წლიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე - 971 ნებართვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები