მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოქტომბრიდან ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები ამოქმედდება“ - აზარაშვილი

ქირურგია ექიმები

„2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე - მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა თითოეული ამ ცვლილების და ახლად დაწესებული სტანდარტების მიზნებზეც ისაუბრა.

„გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა, მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად, 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, -  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა, დღის წესრიგში, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა.

„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება“,  - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

ცნობისთვის, მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის დადგენილების თანახმად, მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სერვისის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია 2023 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართოს სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ნებართვის დანართის – „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია“ − მოპოვებასთან დაკავშირებით.

ხოლო ქიმიოთერაპიული საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი − „ქიმიოთერაპია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები