მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხ თვეში ზეთის იმპორტი 3-ჯერ შემცირდა - TOP-10 იმპორტიორი

629f2bcea1131
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.22 15:31
1437
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ გასული წლის 4 თვეში საქართველომ 13 324 ტონა ზეთი შეიძინა და ამისთვის ქვეყნიდან 19 მლნ დოლარი გადაიხადა, წელს ამავე პერიოდში მზესუმზირის ზეთის იმპორტის მოცულობამ 3 794 ტონა, ხოლო ღირებულებამ 6.4 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მიმდინარე წლის მოცულობები არათუ 2021 წლის, არამედ 2020 წლის - პანდემიური წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება. აღსანიშნია ისიც, რომ თვეების მიხედვით თუ დავაკვირდებით, 4 თვეში ყველაზე მეტი რაოდენობის ზეთი აპრილში შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ტრადიციულად საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. სამეულში კი, ომის მიუხედავად იანვარ-თებერვალში განხორციელებული იმპორტით უკრაინაც მოხვდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ზეთის იმპორტის ღირებულებისა და მოცულობების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი შემდეგნაირია:

1. რუსეთი - 3.9 მლნ დოლარი, 2 504 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 2 მლნ დოლარი, 1 040 ტონა;
3. უკრაინა - 416.1 ათასი დოლარი, 239 ტონა;
4. იტალია - 16 ათასი დოლარი, 5 ტონა;
5. სომხეთი - 6 ათასი დოლარი, 3 ტონა;

მცირე მოცულობებით მზესუმზირის და ალისარჩულის ზეთის იმპორტი ამ პერიოდში გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც განხორციელდა.

რაც შეეხება იმას, ვის შემოჰქონდა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში ზეთი, უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების TOP-10 ასეთია: შპს ალფა; შპს დაფნა; შპს ეფ იქს თი ჯორჯია; შპს თეისთი ფუდ; შპს მერკური 2015; შპს მზიური; შპს ორი ნაბიჯი; შპს ჯანო 1; შპს ჯეოსტარი; შპს ჰორიზონ. 

საქსტატის მიერ მოწოდებული იმპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. BM.GE-სთან საუბრისას ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზეთის იმპორტისას გაზრდილი საბაჟო გადასახადი ივნისიდან ზეთს, დაახლოებით, 10%-ით ანუ ერთი ლარით გააძვირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები