PMCG კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ორგანიზაციის თანახმად, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით 32 861 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 106%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი.
2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით 2 433 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით 7 252 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოცემულ პერიოდში 10 892 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2019-2020 წლის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.