პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით განსაზღვრული თანხის ზრდას ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, ცვლილებები განპირობებულია ძირითადად მცირებიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო და, მეორე მხრივ, სოციალური მომსახურების მიწოდებას, ან ორივეს ერთად.
„მოქმედი რეგულაციით თუ ერთი წლის განმავლობაში შესყიდვების ჯამური ღირებულება არ აღემატება 5 ათას ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ შესყიდვის გამარტივებული საშუალებით განხორციელების შესახებ. ახალი შემოთავაზებით კი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში მონეტარული ზღვარი იზრდება 10 ათას ლარამდე, სამშენებლო სამუშაოს შემთხვევაში კი 20 ათას ლარამდე“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
პარლამენტმა კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით იხილება, 67-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.