მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა საქსტატის შესახებ ახალი კანონი მიიღო

648b1709a2737
მარიამ ვარადაშვილი
15.06.23 17:57
442
პარლამენტმა ოფიციალური სტატისტიკის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 30 აგვისტოდან შევა ძალაში. კანონპროექტი საქსტატის ავტორობითა და მთავრობის ინიცირებით პარლამენტს 11 იანვარს წარედგინა. როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სტატისტიკის წარმოების ახალი კანონი სრულად შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

კანონი ადგენს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს, მათი მოქმედების სფეროებს, სტატისტიკის შემუშავებისა და სხვა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრები არიან საქსტატი, ეროვნული ბანკი და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები. "ახალი კანონით გამოიკვეთება საქსტატის, როგორც წამყვანი სტატისტიკური ორგანოს როლი სისტემის კოორდინაციაში (გარდა ეროვნული ბანკის საქმიანობის კოორდინაციისა, ვინაიდან სებ წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მის მიერ სტატისტიკის წარმოების უფლებამოსილება და ფუნქციები განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესახებ კანონით). შესაბამისად, კანონპროექტით იზრდება საქსტატის ფუნქციები", - წერია განმარტებით ბარათში.

კანონით ასევე იცვლება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის არჩევის წესი და იზრდება მისი ფუნქციები. ფუნქციების ზრდა ძირითადად ეხება მეთოდოლოგიებისა და კითხვარების დამტკიცების წესს, რომლებსაც მოქმედი კანონით საქსტატის საბჭო ამტკიცებს. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი შეირჩევა საბჭოს წევრების შერჩევისგან განცალკევებით. კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატი აირჩევა საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შეიქმნება.

კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ამის შემდეგ პრემიერი პარლამენტს თანხმობისთვის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე წარუდგენს შერჩეულ ორ კანდიდატურას. პარლამენტის თანხმობის შემდეგ კი შერჩეულ პირს პრემიერი დირექტორად დანიშნავს. დირექტორად დანიშვნისთანავე ის საქსტატის საბჭოს წევრი გახდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები