მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

64aec717cc643
BM.GE
12.07.23 19:14
446
პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით, 79 მომხრე, 6 წინააღმდეგი ხმით მიიღო. კანონმდებლებმა ორი დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილეს კოდექსის თანმდევი 46 კანონპროექტი.

საკითხზე მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატებს კანონპროექტებში განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, ცვლილებები განპირობებულია სამხედრო სფეროში განსახორციელებელი რეფორმით და ძირითადად, ტერმინების დაზუსტებას და კანონის ამოქმედების ვადებს მოიცავს. მისივე თქმით, კოდექსის მიზანია თავდაცვისუნარიანების გაძლიერებისთვის სამართლებრივი საფუძველი შექმნას და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს.

„ამ რეფორმათაგან ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომელსაც 2025 წლის 1 იანვრიდან წარმატებით განვახორციელებთ. მოსამზადებელი მოქმედებები უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის ძალებში, თავდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ უწყებაში, სადაც უნდა მოხდეს საკონტრაქტო სამსახურის ჩანაცვლება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მალე გადავიდეთ იმ რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც შემოთავაზებულია, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი მოსამზადებელი დრო და ეს გონივრული დრო არის დაახლოებით წელიწად-ნახევარი. ჩვენი ამოცანა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური, ისევე როგორც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებშია - რეალურად იყოს ნებაყოფლობითი“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მისი თქმით, „თავდაცვის კოდექსის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და სამსახურის პოპულარიზაციას. როგორც მან განმარტა, გათვალისწინებულია ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისა და პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალური გარანტიების გათანაბრება.
„ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოთავაზებულ სიახლეს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანტიების დაწესება. ამ ცვლილებით უმჯობესდება სოციალური პირობები და ის უთანაბრდება პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალურ პირობებს“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მისი თქმით, სიახლეა გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, პირს საჯარო სამსახურში ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, კოდექსის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ოფიცრები თავდაცვის ძალებიდან, საქართველოს პარლამენტი, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

„თავდაცვის კოდექსის“ შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. სექტემბრიდან უკვე მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წავალთ წინ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

კოდექსის პროექტის განხილვის პროცესი შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვა ნებისმიერი კითხვა და აქტიური მონაწილეობა მიღო საკითხის განხილვაში.

„ამ მხრივ სამაგალითოდ წარიმართა ეს პროცესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„თავდაცვის კოდექსს“ გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, პარლამენტი მესამე მოსმენით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები