პარტია "საქართველოსთვის" აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს დაავალდებულებს საკუთარი ქონების წარმომავლობა დაადასტურონ. ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, კითხვები ჩნდება საიდან აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მამას ტარიელ ღარიბაშვილს იმდენი ფული, რომ ჩარტერული ფრენა დააფინანსოს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი მამამისმა გადაუხადა.
"ბუნებრივია ჩნდება კითხვები - საიდან აქვს პრემიერ-მინისტრის მშობელს ამხელა შემოსავალი. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში წარვადგენთ ინიციატივას, რომლითაც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ახლო ნათესავები ვალდებულები იქნებიან დაასაბუთონ საკუთარი ქონების და მატერიალური სიკეთეების წარმომავლობა.
თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ დედის ხარჯზე ცხოვრობდა და ახლა პრემიერი ღარიბაშვილი უმტკიცებს საზოგადოებას, რომ 100 ათას ლარად შეფასებულ სერვისს ყიდულობს მამა. უხერხულია, რომ ამხელა პასუხისმგებლობა გადააბარო მშობელს", - ამბობს ბუჩუკური.