პარლამენტის წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ კანონპროექტის მიზანს უძრავ ქონებაზე ფასების ზრდისგან საქართველოს მოქალაქეთა დაცვა წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 ათასი ბინა შეიძინეს, 2023 წლის პირველ კვარტალში კი მათ მიერ ნაყიდი ბინების რაოდენობა 2 ათასს აღემატებოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა ლიეტუვაში მოქმედი კანონის ქართულ ანალოგს წარმოადგენს.
მისი მიხედვით, ცვლილებები “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში უნდა შევიდეს. აკრძალვა მიღების შემთხვევაში უვადო არ იქნება და ის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.
კანონპროექტში ნათქვამია:
“2024 წლის 31 დეკემბრამდე იკრძალება საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ნასყიდობის ან ჩუქების გზით. ეს აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც უძრავ ნივთს მიიღებს მემკვიდრეობის საფუძველზე’’.
განმარტებითი ბარათი:
“აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დაცვა უძრავი ქონების მკვეთრი გაძვირებისაგან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შესაძლო გამოწვევების თავიდან აცილება.
საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში შემოსულია რუსეთის დაახლოებით 120 000 მოქალაქე, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ინტენსიურად ყიდულობენ ბინებს და სხვა უძრავ ქონებას. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1679 ადამიანს.
რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის ასეთი ზრდადი ტენდენცია ზღუდავს საკუთრების უფლებას საქართველოს მოქალაქეთათვის. ამ მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების საკმაო ნაწილისათვის გართულებულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი, გარდა უსაფრთხოების პრებლემებისა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ფასების ზრდისგან.
წარმოდგენილი კანონპროექტი არის ლიეტუვის რესპუბლიკაში მიღებული კანონის ანალოგიური ვარიანტი, რომლის თანახმადაც, დროებით აკრძალულია უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებისათვის,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.