მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდება

63ff12b579f06
BM.GE
01.03.23 12:44
1120
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, - განცხადება ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება "აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს.

"ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის.

ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვაინიცირებთ კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს - მტერს დაარქვას მტერი", - თქვა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია "საქართველოსთვის" დღესვე დაიწყებს კონსულტაციას ოპოზიციასთან, რომ ამ ინიციატივამ მხარდაჭერა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები