მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში შს მინისტრმა ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვებს უპასუხა

6467b5e6ba111
BM.GE
19.05.23 21:37
544
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მინისტრმა რვა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ 7- 8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის პროპორციულობას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო პარლამენტის შენობის ბლოკირება, რათა არ მისცემოდათ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს საკანონმდებლო ორგანოს უსაფრთხოდ დატოვების საშუალება, ასევე, განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის თანამშრომლებს წაართვეს დამცავი ფარები, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ტროტუარებზე განთავსებული სკამები, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს.

„საზოგადოებას ჰქონდა საშუალება პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა პროცესებისთვის და ენახა საქართველოში პირველად, აქციებზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. ასევე, აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, შეკრებილებმა მოხსნეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, დააზიანეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ფანჯრის ცხაური და შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გააჩინეს ხანძარი და რომ არა იქ მყოფი პოლიციელების დროული რეაგირება, ხანძარი შესაძლოა გავრცელებულიყო მთელ შენობაში.

მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების დროს, პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა.

„პოლიცია ყველა ღონისძიებას ატარებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და ადგილი არ ჰქონია გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. სპეციალური საშუალებების გამოყენება მოხდა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით, არაერთი გაფრთხილების და მოწოდების შემდეგ. ხაზგასასმელია, რომ პოლიცია ძირითადად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ინტერპელაციის ფორმატში ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების: ხატია დეკანოიძის, რომან გოცირიძის, თეონა აქუბარდიას, ანა ნაცვლიშვილის, როსტომ ჩხეიძის, ნატო ჩხეიძის, ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას კითხვებს უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები