პეტრო პოროშენკო უმდიდრესი უკრაინელების სამეულში აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ქონება $0.2 მილიარდით გაიზარდა, ის უკრაინის უმდიდრესი ადამიანების Forbes-ის რეიტინგში დღეს მხოლოდ მეექვსე ადგილს იკავებს. ამჟამად უკრაინაში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი რინატ ახმეტოვს აქვს, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაპიტალი თითქმის $5 მილიარდით გაზარდა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისა და საკონდიტრო კომპანია Roshen-ის მფლობელის, პეტრო პოროშენკოს ქონება კი, Forbes-ის ბოლო მონაცემებით, $1,6 მილიარდია. რაც შეეხება რინატ ახმეტოვს, მისმა ქონებამ წლის განმავლობაში მთლიანობაში $7.6 მილიარდი შეადგინა. ბიზნესმენის კაპიტალის უდიდესი ნაწილი მეტალურგიულ ქარხანაზე მოდის, კერძოდ $3,3 მილიარდი, ხოლო $2,1 მილიარდი - ენერგეტიკულ კომპანია DTEK-ზე. ამით ახმეტოვი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების გლობალურ სიაში 331-ე ადგილზეა.
უმდიდრეს უკრაინელებში მეორე პოზიციას ვიქტორ პინჩუკი ინარჩუნებს $2,5 მილიარდის ოდენობის ქონებით, რომლის კაპიტალიც ერთი წლის წინ Forbes-მა $1,4 მილიარდად შეაფასა. დღეს პინჩუკი რეიტინგში სამთო-მომპოვებელი კომპანია Ferrexpo-ს მფლობელს, კონსტანტინ ჟევაგოს და მილიარდერ იგორ კოლომოისკის უსწრებს. საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი მარტის დასაწყისში აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, რაც ოლიგარქის მიერ უკრაინაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.
ტოპ-100 უმდიდრესი უკრაინელის სრულ სიას Forbes-ი მაისისთვის მოამზადებს. საგულისხმოა, რომ Forbes-მა უკრაინაში 100 ყველაზე მდიდარი უკრაინელის რეიტინგი გასულ წელს, 3-წლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.