მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.2%-მდე შემცირდა - რას ნიშნავს ეს

649eb9dc4b086
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.23 15:43
439

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი წინა წელთან შედარებით რამდენჯერმე შემცირდა და მან 3.2 პროცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 13.3%-ს შეადგენდა.

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

“2023 წლის პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 201.4 მლნ აშშ დოლარი (531.0 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 67.1 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.3 პროცენტიდან -3.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 25.2 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 24.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 24.6 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2023 წლის პირველ კვარტალში 795.4 მლნ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 37.5 პროცენტით აღემატება

2023 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -332.6 მლნ აშშ დოლარი (-876.8 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 50.2 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.0 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 37.0 პროცენტით გაიზარდა და 2023 წლის პირველ კვარტალში 781.5 მლნ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 36.6 პროცენტით გაიზარდა 728.0 მლნ აშშ დოლარამდე (1.9 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 383.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.1 პროცენტია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია. ყველაზე დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა და მან მშპ-ის 4.1% შეადგინა. საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი 2023 წელს ქვეყანაში 5.4%-იან დეფციიტს პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები