მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხის შენობის ადგილას მულტიფუნქციური ცენტრი მომდევნო 1.5 წელი არ მოეწყობა - სოსო ფხაკაძე

633c5cd30deb3
ანუკა ჯოხაძე
04.10.22 21:35
1694
პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად "ვისოლ ჯგუფმა" შეიძინა. სოსო ფხაკაძის თქმით, კომპანია პროექტის კონცეფციაზე მუშაობას იწყებს . მისი თქმით, პროექტი, როგორც საცხოვრებელ ბინებს ისე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს მოიცავს.

სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შენობაში ფუნქციონირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს, ადგილზე კი პროექტის განხორციელება მომდევნო 1.5 წელი არ იგეგმება. ბიზნესმენი პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

“ჩვენ გარკვეული პერიოდი გვაქვს, იქ ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი იფუნქციონირებს, ეს კონტრაქტითაც იქნება განსაზღვრული. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვინდა ძალიან საინტერესო კონცეფცია დავდოთ, რომელიც ყველას უნდა მოეწონოს. გვინდა მულტიფუნქციური ცენტრი, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსი გავაკეთოთ. წელიწად ნახევარი მინიმუმ გვაქვს, სანამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ამას აუქციონიც ითვალისწინებდა,”-აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის: პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო. შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა.

"ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში

20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა

20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები