მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი თურქული ელექტრომობილის Togg-ის ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა

635e309ad7d45
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 21:51
4284
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირველი თურქული ელექტრომობილის ქარხანა ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

საუბარია ავტობრენდ Togg-ზე, რომლის ქუჩებში გამოჩენას 2023 წლის გაზაფხულზე ელიან. თურქული ბრენდის SUV მოდელი ელექტრომობილი იქნება. აღსანიშნავია, რომ ერდოღანი დიდი ხანია უკვე მწარმოებლებს მოუწოდებდა თურქული ბრენდული ავტომობილების წარმოების დაწყებისკენ, რაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი უნდა გახდეს.

საბოლოოდ, ავტომობილის წარმოებაზე ხუთი თურქული კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი Automobile Initiative Group of Türkiye - იგივე Togg-ი შეთანხმდა. ახალი ავტომობილის დიზაინის და შექმნის პროცესი ჯერ კიდევ 2020 წლის შუა პერიოდში დაიწყო. კონსორციუმს თურქული ტექნოლოგიური გიგანტის Bosch-ის ყოფილი აღმასრულებელი, მეჰმეთ გურჯან ქარაქაში ჩაუდგა.

ავტოქარხანა ქალაქ ბურსაში, 1.2 მლნ კვ. მ-ის ფართობის ტერიტორიაზე აშენდა. აღსანიშნია, რომ ბურსა არაერთი უცხოური ბრენდის ავტოქარხნების მასპინძელი ქალაქია. სწორედ ბურსაშია თურქულ-ფრანგული ერთობლივი საწარმო Oyak Renault და Tofaş-ი. ასევე Fiat Chrysler-ი.

თურქული მედიის ცნობით, Togg-ი 2030 წლამდე ხუთ სხვადასხვა მოდელზე იმუშავებს, მათ შორის, სედანზე, ჯიპზე, C-hatchback-ზე, B-SUV-სა და B-MPV-ზე. ბრენდი მომდევნო რვა წლის განმავლობაში 1 მლნ მანქანის წარმოებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ 60-წლიანი ოცნების ასრულების მომსწრენი ვხდებით. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თურქულ ბრენდებს დაინახავთ. Togg-ი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყნის გზებზე გამოჩნდება, როგორც თურქული პრესტიჟული ბრენდი. ჩვენს მოქალაქეებს Togg-ის მოდელებზე შეკვეთების დაწყება თებერვლის ბოლოდან შეეძლებათ. ფასიც გამოცხადდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ეს თურქეთისთვის მეორე მცდელობაა აწარმოოს საკუთარი ბრენდული მანქანა. პირველად მსგავსი მცდელობა 1960-იან წლებში ჰქონდათ, როდესაც თურქმა ინჟინრებმა შექმნეს ავტომობილის პროტოტიპი, სახელწოდებით Devrim, რაც რევოლუციას ნიშნავს. თუმცა, მოგვიანებით პროექტი ჩაიშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები