მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს და ჰორეკა სექტორს ერთმანეთთან აკავშირებს

63bff042bf3e6
თინათინ ნატმელაძე
12.01.23 22:19
601
პლატფორმა „კენგურუ“, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს და ჰორეკა სექტორს ერთმანეთთან აკავშირებს, ორი კვირის წინ ამოქმედდა.

სტარტაპის დამფუძნებელმა ლექსო ჩხეიძემ BM.GE-თან განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკვე 70 მომწოდებელთან და 50 კლიენტთან თანამშრომლობენ.

„პროექტზე მუშაობა დაახლოებით რვა თვის წინ დავიწყეთ, GITA-ს საგრანტო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და შემდეგ კოდი თავად დავწერეთ. მსოფლიოში მსგავსი სერვისი მხოლოდ გერმანიაში, კანადაში და ამერიკაში არსებობს, ჩვენ მეოთხე ქვეყანა ვართ.რაც შეეხება მექანიზმს,ყველა სახის სადისტრიბუციო კომპანია: "კოკა-კოლა", "სანტე", ხილ-ბოსტნეული თუ ჯიდი ალკო, შეკვეთებს ცალ-ცალკე იღებდნენ და მიწოდებაც ცალ-ცალკე აქვთ, რაც დიდი დისკომფორტი იყო.

მაგალითად, როდესაც რესტორანი დაიხურებოდა ან ვალები ჰქონდა, ის თანხას ვეღარ იხდიდა. მომწოდებლებს 40% აუთვისებელი ზედნადებები აქვთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკია და გადახდა ფაქტორინგით ხდება. გადახდის მექანიზმი პლატფორმაშია ჩაინტეგრირებული. ფაქტორინგით გადახდის შემთხვევაში ბანკი კლიენტს ლიმიტს უწესებს და შემდეგ ის უკვე ბანკთანაა ანგარიშვალდებული.

რაც შეეხება ჰორეკა სექტორისთვის არსებულ უპირატესობებს, მათ ყველა სახის პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენა შეეძლებათ, შედარებითობის პრინციპით თავისთვის ხელსაყრელ მიმწოდებელს აარჩევენ, ვისაც უფრო დაბალი ფასი, კარგი პროდუქტი და მათთვის მისაღები საფასური აქვთ, აქამდე კი საკმაოდ რთული იყო მიმწოდებლებზე ინფორმაციის მოძიება. ასევე, ყველა სახის პროდუქტის ერთი ზედნადების ქვეშ შეძენაა შესაძლებელი, ამით ადამიანური რესურსიც იზოგება,“ - განაცხადა ლექსო ჩხეიძემ.

სტარტაპის ამოქმედებას და ახალი ტექნოლოგიის დანერგვას თან სირთულეებიც ახლდა, როგორც „კენგურუს“ დამფუძნებელი გვიყვება, მთავარი გამოწვევა ჰორეკა სექტორის ამ სერვისის მომგებიანობაში დარწმუნება აღმოჩნდა:"სხვა სიტუაცია იყო დისტრიბუტორების შემთხვევაში, მათთვის იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა ეს სერვისი, რომ პროცესში აქტიურად ჩაებნენ. ამჟამად ჩვენი შემოსავალიც სწორედ მიმწოდებლების მიერ გადახდილი საკომისიოა."

„კენგურუში“ სამომავლო გეგმებიც გაწერილი აქვს, 2023 წელს ჯერ თბილისის სრულად ათვისება, შემდეგ რეგიონებში არსებულ რესტორნებთან თანამშრომლობა და ბოლოს პოლონეთსა და ყაზახეთში სერვისის გატანა იგეგმება, რისთვისაც ლექსო ჩხეიძის თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სტარტაპის შექმნისთვის საჭირო ინვესტიციაში 70% GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტია, დანარჩენი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიციაა. „კენგურუს“ ფუნქციონირებაში კი ამჟამად 15 ადამიანია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები