მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პორტფელების განაწილების გადავადება 2028 წლამდე ცალსახად არასწორი გადაწყვეტილებაა“ – ირაკლი ელაშვილი

ირაკლი ელაშვილი

„საპენსიო საინვესტიციო პორტფელების განაწილების გადავადება 2028 წლამდე ცალსახად არასწორი გადაწყვეტილებაა“ – ამის შესახებ "ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ელაშვილმა "საქმიან დილა"–ში "ანალიტიკა"–ს ბლოკის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით: „დაბალრისკიან პორტფელში კიდევ უფრო მეტად გართულდება ინვესტირება, საინვესტიციო საშუალებები შემცირდება და კიდევ უფრო მეტად მოხდება კონცენტრირება. ამან შეიძლება ე.წ. დაბალრისკიან პორტფელში კიდევ უფრო მეტი რისკი შექმნას“.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, თუ 7 სექტემბრამდე საპენსიო სქემის მონაწილეები არჩევანს თავად არ გააკეთებდნენ, 2028 წლამდე მათი დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში ინვესტირდება და ბენეფიციარს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლება, დანაზოგი საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადაიტანოს. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და თავისი საპენსიო აქტივი შესაბამის საინვესტიციო პორტფელში გადაიტანა, მათთვის არაფერი შეიცვლება ანუ დანაზოგები არჩეულ პორტფელებში შეუნარჩუნდებათ.

კიდევ ერთი საკითხი - ვინაიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ ცვლილებები ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია, ძალაშია მოქმედი კანონი, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეები, რომელთა ასაკი საპენსიო სქემაში გაწევრებისთვის იყო 40 წლამდე და არ გააკეთებენ არჩევანს 6 სექტემბრის ჩათვლით, დარჩებიან მაღალრისკიან პორტფელში, მაგრამ როგორც კი კანონში ცვლილებებს სამივე მოსმენით მიიღებს პარლამენტი, მოქალაქეების დანაზოგი დაბალრისკიან ანუ კონსერვატიულ პორტფელში დაბრუნდება.

"ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველ პარტნიორს ირაკლი ელაშვილს მიაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა ცალსახად საჭიროებს პორტფელების დივერსიფიკაციას. „საპენსიო სააგენტოს აქტივები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კაპიტალის ბაზრის აქტივები" – განმარტავს ის „ანალიტიკა“–სთან – "აქედან გამომდინარე, ე.წ. დაბალრისკიან პორტფელში დაგროვდება უფრო მაღალი რისკი, უფრო მაღალი კონცენტრაცია და ინვესტირების პირველი პრინციპი – დივერსიფიკაცია – დაირღვევა. არ ვიცი, ამ პორტფელების საჭიროება როგორ უნდა ახსნან, თუმცა, ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტფელები შედგეს, დიალოგი გაიმართოს მოსახლეობასთან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები