მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოსტპანდემიურ პერიოდში თიზ-ებისთვის კანონმდებლობის გამარტივება მნიშვნელოვანია - სოსო ნიბლაძე

5f119a003adb1
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 20:00
964
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორის სოსო ნიბლაძის განცხადებით, პოსტპანდემიურ პერიოდში თიზ-ებში მოქმედი კომპანიებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადგილობრივი წარმოების ნედლეულის გამოყენება, შესაბამისად, აუციელებელია, თიზ-ში ქართული ნედლეულის შეტანაზე გადასახადები მოიხსნას.

მისი თქმით, ჯერჯერობით, ამ საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული, თუმცა ეს წაახალისებს ინვესტორების მოზიდვას თიზ-ებში.

„პოსტპანდემიურ სიტუაციაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებას საწარმოო პროცესში, რადგან კონკურენტული სიტუაცია საწარმოო ბიზნესში არის ძალიან გართულებული და თითოეულ ელემენტარულ შეღავათს და მასტიმულირებელ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტორის გადაწყვეტილების მიღების სქემაში და შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ახლა, რომ მოხდეს დამატებითი შერბილება.

ჩვენ, ასევე, გამოვხატეთ ინიციატივა, რომ ჩამოყალიბდეს და შეიქმნას გარკვეული დარგები, რომლის განვითარებაც პრიორიტეტულია, ეს შეიძლება იყოს შრომაინტენსიური დარგები, რომელიც დასაქმების კუთხით ინტენსიურია. შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნას სხვა დარგები, რომლებისთვისაც ჩვენი - თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მოსაზრებით, უნდა მიეცეს დამატებითი მასტიმულირებელი ფაქტორები, შეიძლება ეს იყოს დროებითი, თუმცა ეს უნდა შეიქმნას და ამის შემდგომი აფიშირება და რეკლამირება უნდა მოხდეს საინვესტიციო ბაზრებზე, რათა შევძლოთ უფრო მეტი ინვესტორის ინტენსიფიკაცია“, - განაცხდა ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ ნედლეულის თიზ-ში შეტანაზე გადასახადის მოხსნის საკითხი არ არის მარტივი, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს მისი სწრაფი გადაწყვეტა.

„ეს არ არის მარტივი საკითხი. მოიცავს საკმაოდ დიდ განხილვას და ანალიზს, შესაბამისად, ამას დიდი დრო, კონსულტაციები სჭირდება. რეალურად ამ პროცესში ვართ, მათი (ხელისუფლების) მხრიდან არის მზაობა არა მხოლოდ იმის, რომ მოგვისმინონ, არამედ დასხდნენ და განხილვა დაიწყონ უშუალოდ რა მიმართულებით შეიძლება მოხდეს ამ შეღავათების დაწესება და იმედი გვაქვს, მალე იქნება. ერთი რამ, რაც ამ პანდემიამ გვასწავლა, არის სწრაფი გადაწყვეტილბების მიღება, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - განაცხადა სოსო ნიბრალძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები