პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდმარისა და ცესკოს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები. შესაბამისად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.
"რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.
ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.