"ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბრალდებულის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა, რომ, ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ისრაელში წასვლის ნებართვა პროკურატურამ იანვრის თვეშიც დართო. მაშინ წერეთელი სამკურნალოდ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ავთანდილ წერეთელი, რომელიც „tv პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამაა, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის გამოც, ის სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
პროკურატურა ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.